დებატების ეროვნული ტურნირი

13

25-27 ივნისს საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტის ორგანიზებით დებატების ეროვნული ტურნირი გაიმართა, რომელშიც თბილისის და რეგიონების საჯარო სკოლების დებატკლუბების 700-მდე მოსწავლისგან შერჩეულმა გუნდებმა მიიღეს მონაწილეობა.   

დებატების ტურნირი განხორციელდა საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტის პროექტის ,,დებატები უკეთესი განათლებისთვის“ ფარგლებში, გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდის მხარდაჭერით, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისა და თბილისის მწვანე სკოლასთან პარტნიორობით და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან თანამშრომლობით.

ტურინირის მონაწილეები პროექტის „დებატები უკეთესი განათლებისთვის“ ფარგლებში საქართველოს მასშტაბით არსებული 60 დებატკლუბის წევრები არიან. დებატკლუბები აქტიურად ფუნქციონირებს აჭარაში, სამეგრელოში, სვანეთში, მცხეთა-მთიანეთში, ქვემო ქართლში, შიდა ქართლში, ზემო აჭარაში, კახეთში, რაჭაში, იმერეთსა და თბილისში.

დებატების ტურნირი 25-26 ივნისის ფარგლებში ჩატარდა თბილისის მწვანე სკოლაში. შემდეგ ეტაპზე – ფინალში გადასული გუნდები კი ერთმანეთს 27 ივნისს შეეჯიბრნენ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლ „ლიგამუსში“. 3-დღიანი ტურნირის შედეგად გამარჯვებულები და 10 საუკეთესო მომხსენებელი გამოვლინდებიან, რომელთაც გადაეცემათ სპეციალური სერტიფიკატები, სამახსოვრო საჩუქრები და თასები, მათ შორის ნუცა მახვილაძის სახელობის თასი. დაჯილდოების ცერემონიალი 14 ივლისს გაიმართება.

წელს პირველად, პანდემიის შემდეგ ტურნირი ჩატარდა პირისპირ. ღონისძიებაში არსებული დებატკლუბების წევრებთან ერთად  მონაწილეობას იღებენ კლუბების ხელმძღვანელები და მსაჯები.

პროექტი „დებატები უკეთესი განათლებისთვის“ მიზნად  ისახავს  მოსწავლეებში თავისუფალი და დამოუკიდებელი მოქალაქის უნარების განვითარებას და ისეთი უნარ-ჩვევების ჩამოყალიბების ხელშეწყობას, როგორიცაა: კონსტრუქციული მსჯელობა, არგუმენტაცია, მასალების მოძიება, ორატორობა, გუნდურობა, დროის მართვა, ოპონენტის პატივისცემა და სხვა.

Comments
Loading...