დასაქმების ფორუმი გლდანის რაიონში

7

დღეს, 8 ივლისს გლდანის პროფესიულ კოლეჯში, სსიპ დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს, ქ.თბილისის საკრებულოსა და გლდანის რაიონის გამგეობის ორგანიზებით, დასაქმების ფორუმი გაიმართა.

დასაქმების ფორუმი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ თამილა ბარკალაიამ და განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ თამარ ქიტიაშვილმა გახსნეს. ფორუმის მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ ოთარ გრიგოლიამ და გლდანის რაიონის გამგებელმა ლევან ნაროუშვილმა.

დასაქმების ფორუმზე 35-მდე მცირე, საშუალო და მსხვილმა ბიზნეს კომპანიამ შრომის ბაზარზე აქტიურ 500-მდე ვაკანსია წარმოადგინა მომსახურების, სავაჭრო, სასტუმრო და სარესტორნო, სამრეწველო, სატრანსპორტო, ლოჯისტიკური, სამშენებლო, სადაზღვევო და ჯანდაცვის სფეროებიდან.

ყველა დაინტერესებულ პირს, შესაძლებლობა ჰქონდა ფორუმის მსვლელობისას უშუალოდ პოტენციური დამსაქმებლებისგან მიეღოთ სრული ინფორმაცია სასურველი ვაკანსიის თაობაზე, თავადაც წარმოეჩინათ საკუთარი უნარები და ადგილზევე გაერკვიათ მომავალი თანამშრომლობის დეტალები.

,,დასაქმება ჩვენი მთავრობის ერთ-ერთი პრიორიტეტია. შესაბამისად დასაქმების სააგენტო, რომელიც 2020 წლიდან მუშაობს როგორც დამოუკიდებელი სსიპ-ი, აქტიურად თანამშრომლობს ადგილობრივ მუნიციპალიტეტებთან და საკრებულოსთან, რათა მოქალაქეების დასაქმება წაახალისოს და ხელი შეუწყოს. დღევანდელი დღეც ამის ნათელი მაგალითია. დაახლოებით 35 კომპანია 500-მდე მრავალფეროვანი ვაკანსიით არის წარმოდგენილი. (ტურიზმი, სატრანსპორტო სექტორი, სასტუმრო სარესტორნო და ჯანდაცვის ბიზნესი) რაც საშუალებას აძლევს სხვადასხვა უნარების, ცოდნის და გამოცდილების მქონე ადამიანს იპოვოს სამსახური.

ჩვენ განვაგრძობთ, მათ შორის, საქართველოს რეგიონებში, ანალოგიური ფორუმების გამართვას, რათა წავახალისოთ მოქალაქეების დასაქმება და ხელი შევუწყოთ დასაქმებაში”, – განაცხადა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამილა ბრაკალაიამ.

,,ის ფაქტი, რომ დღევანდელი დასაქმების ფორუმი პროფესიულ საგანმანათლებლო სასწავლებელში ჩატარდა, კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს, რომ პროფესიული განათლება დასაქმების საუკეთესო შესაძლებლობა გახლავთ. დღეს პროფესიული განათლება, მიმართულია იმისკენ, რომ ხელი შეუწყოს ადამიანს დაეუფლოს ისეთ უნარებს, რომელიც ცვალებად და დინამიურ შრომის ბაზარს სჭირდება. მნიშვნელოვანია იყო თანამედროვე და მოთხოვნადი შრომის ბაზარზე“, – განაცხადა განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ თამარ ქიტიაშვილმა.

“დასაქმების ფორუმის ჩატარება ძალიან მნიშვნელოვანია პანდემიის ფონზე, ვინაიდან ბევრმა ადამიანმა დაკარგა სამსახური. ვფიქრობ, რომ ბევრი თბილისელი დასაქმდება, დიდი მადლობა მინდა გადაუხადო ჯანდაცვის სამინისტროს და განათლების სამინისტროს ამ პროცესში, აქტიური ჩართულობისთვის,“ – განაცხადა თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ ოთარ გრიგოლიამ.

Comments
Loading...