დაკავებული კარლოს გონის მეუღლე აცხადებს, რომ მას ციხეში სასტიკად ექცევიან

39

Renault-Nissan-Mitsubishi Alliance-ის ყოფილი აღმასრულებელი დირექტორის და ამ ეტაპზე დაკავებული კარლოს გონის მეუღლემ კეროლ გონმა ორგანიზაციას Human Rights Watch 10-გვერდიანი მიმართვა გაუგზავნა, სადაც იგი ორგანიზაციას სთხოვს, ნათელი მოჰფინოს ადამიანის წინააღმდეგ განხორციელებულ უსამართლობას, რომელსაც იაპონური სასამართლო სისტემა მისი მეუღლის წინააღმდეგ ახდენს.

კერძოდ, კეროლ გონი განცხადებაში ამბობს, რომ მისი ქმარი ყოველ დღე, რამდენიმე საათის განმავლობაში დაკითხვაზე ჰყავთ, თუმცა მისი თქმით ამ დაკითხვებს არ ესწრება დაკავებულის ადვოკატი. წერილში აღნიშნულია, რომ მას აშანტაჟებენ, აშინებენ.

კეროლ გონი წერს, რომ მისი მეუღლე ჰყავთ 7 კვ. მეტრიან კამერაში, სადაც არ არის გათბობა. წერილში აგრეთვე აღნიშნულია, რომ დაკავების მომენტიდან, კარლოს გონმა 7 კილო დაიკლო, რომ ციხეში მხოლოდ ბრინჯსა და ქერს აჭმევენ, რომ არ აძლევენ წამლის დალევის საშუალებას, რომელიც მას ყოველ დღე სჭირდება.

კარლოს გონი და მისი დამხმარე გრეგ კელი 2018 წლის 19 ნოემბერს დააპატიმრეს. მათ ბრალი ედებათ ფინანსურ მაქინაციებში. თავდაპირველად ტოკიოს პროკურატურამ გონს ბრალი დასდო რეალური შემოსავლის ოდენობის დაფარვაში, რაც მან 2010-2015 წლებში, Nissan-ის დირექტორთა საბჭოს თავჯდომარის პოსტზე მიიღო და ამაში მას სწორედ კელი ეხმარებოდა. გამოძიება აგრეთვე მიიჩნევს, რომ გონმა მისთვის გამოყოფილი 89 მილიონი აშშ დოლარის მხოლოდ ნახევრის დეკლარირება მოახდინა.

Comments
Loading...