#დაზოგეწყალი კამპანიის ფარგლებში კაპიტნების პრეზენტაციები მიმდინარეობს

360

დღეს, "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის" სასწავლო ცენტრში კამპანიის #დაზოგეწყალი მონაწილე გუნდები შემაჯამებელ პრეზენტაციებს ატარებენ. ვარკეთილის დასახლების 16-ვე სკოლის გუნდის კაპიტანები 3 თვის განმავლობაში განხორციელებულ აქტივობებს აჯამებენ და ჟიურის წევრებს წარუდგენენ.

ჟიური "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის", განათლების სამინისტროს, საკონსულტაციო ჯგუფ „ჯეპრას“ და არასამთავრობო ორგანიზაცია „ეკოხედვის“ წარმომადგენელებით არის დაკომპლექტებული.

კამპანია "დაზოგე წყალი" და მის ფარგლებში მიმდინარე #gwpოლიმპიადა "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა" წყლის დაზოგვის საერთაშორისო დღეს, 22 მარტს დაიწყო. საპილოტე პროექტი გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროების მხარდაჭერით ხორციელდება.

კამპანიის მიზანი, მოზარდი თაობის დახმარებით წყლის რესურსის მნიშვნელობისა და მისი გაფრთხილების შესახებ ინფორმაციის გავრცელებაა, რადგან სასმელად ვარგისი მტკნარი წყალი დედამიწის წყლების მხოლოდ 1%-ს შეადგენს. შესაბამისად, მტკნარი წყლის რესურსს გაფრთხილება და დაზოგვა სჭირდება. #დაზოგეწყალი მოზარდი თაობის სამოქალაქო აქტივიზმის გაზრდას და წყლის რესურსის დაცვაში მათ მაქსიმალურ ჩართულობას უზრუნველყოფს.

დღევანდელი შემაჯამებელი პრეზენტაციის გარდა,  3 ივნისს,  ღრმაღელეს სათავე ნაგებობის ტერიტორიაზე, გუნდები ერთმანეთს სპეციალურად ორგანიზებულ წყლის თამაშებში შეეჯიბრებიან. 4 ივნისს კი #დაზოგეწყალი კამპანიის გამარჯვებული გუნდი გამოვლინდება. საზეიმო ღონისძიებაზე მონაწილე გუნდებს სასიამოვნო სიურპრიზები ელით.

Comments
Loading...