#დაზოგეწყალი კამპანიის საპილოტე პროექტი თბილისის ზღვაზე საზეიმოდ დასრულდა

294

"ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის" #დაზოგეწყალი კამპანიის მიმდინარე, საპილოტე ეტაპი დღეს საზეიმოდ დასრულდა. ღონისძიება თბილისის ზღვის მიმდებარედ გაიმართა. როგორც ცნობილია, თბილისის ზღვა დედაქალაქის წყალმომარაგების ერთერთი უმნიშვნელოვანესი ობიექტი და სისტემის განუყოფელი ნაწილია.

კამპანიის მიზანს  წყლის რესურსის მდგრადი მოხმარება, დაზოგვა და მოზარდი თაობის დახმარებით აღნიშნულ საკითხზე სამოქალაქო აქტივობის გაზრდა წარმოადგენს. ჯივიპის პარტნიორები, პროექტის ფარგლებში გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის,  განათლებისა და მეცნიერების სამინისტროები და არასამთავრობო ორგანიზაცია "ეკოხედვა" არიან.

კამპანიის მხარდასაჭერად პროფესიონალური ველოშეჯიბრი გაიმართა, რომელშიც ველოსპორტის ფედერაციის სპორტსმენებმა მიიღეს მონაწილეობა. საპრიზო ადგილებზე გასული ველოსიპედისტები ჯივიპიმ ფულადი პრემიებით დააჯილდოვა. ველოტურნირის ორგანიზებაში ჯივიპის პარტნიორობა სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრომ და ველოსპორტის ფედერაციამ გაუწიეს.

რაც შეეხებათ #დაზოგეწყალი კამპანიაში გამარჯვებულებს,  პირველ ადგილზე გასული 215-ე საჯარო სკოლის  გუნდი, ეკობანაკის საგზურით დაჯილდოვდა. მეორე და მესამე ადგილზე გასული 182-ე და 176-ე საჯარო სკოლის გუნდების წევრებმა ჯილდოდ  სპეციალურად მათთვის ორგანიზებული შემეცნებითი ტურის საგზური მიიღეს.

კამპანია #დაზოგეწყალი "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა" წყლის დაზოგვის საერთაშორისო დღეს, 22 მარტს დაიწყო. კამპანიის პირველი ეტაპი ვარკეთილის რაიონის 16 საჯარო სკოლაში შექმნილ გუნდებს შორის სხვადასხვა შემეცნებით და სახალისო შეჯიბრს ითვალისწინებდა.

#დაზოგეწყალი კამპანია და პირველი ეტაპის შედეგები ჯივიპის გენერალურმა დირექტორმა გიორგი ცხადაძემ, თბილისის მერმა დავით ნარმანიამ, მერის მოადგილემ ირაკლი ლექვინაძემ, განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ლია გიგაურმა, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის მოადგილემ შალვა გოგოლაძემ და გარემოს დაცვის მინისტრის მოადგილემ სოლომონ პავლიაშვილმა შეაჯამეს. ასევე, #დაზოგეწყალი კამპანიის საზეიმო ღონისძიებას ვარკეთილის დასახლების მაჟორიტარი დეპუტატები ესწრებოდნენ.

ღონისძიებას "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის" მენეჯმენტთან ერთად, პარტნიორი სამინისტროების, თბილისის მერიისა და საკრებულოს ხელმძღვანელი პირები,  პარლამენტის  მაჟორიტარი დეპუტატები და  ჯივიპის პარტნიორი კომპანიის,  "ეკოხედვის" წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.

"ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის" მიერ ორგანიზებული ეროვნული კამპანია #დაზოგეწყალი სექტემბერში გაგრძელდება და მასში თბილისის სხვადასხვა სკოლის მოსწავლეები აქტიურად ჩაერთვებიან.

Comments
Loading...