დავით სონღულაშვილი ირინა მილორავას – თქვენ ხართ პასუხისმგებელი, რომ 1 იანვარს ენერგეტიკული ბირჟა ამოქმედდება

12

„ქალბატონო ირინა, თქვენ ხართ პასუხისმგებელი, რომ 1 იანვარს ენერგეტიკული ბირჟა ამოქმედდება“, – ასე მიმართა დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის თავმჯდომარემ დავით სონღულაშვილმა „ენერგეტიკული ბირჟის“ გენერალურ დირექტორს, ირინა მილორავას საკომიტეტო მოსმენაზე, სადაც სექტორში ბაზრის რეფორმის თაობაზე მოხსენება ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ, დავით თვალაბეიშვილმა წარმოადგინა.

ირინა მილორავას განცხადებით, მიუხედავად მოსმენაზე გამოთქმული პესიმისტური შეფასებებისა, თავად ძალიან ოპტიმისტურად აფასებს  პროცესს ჰგონია, რომ საქმე ძალიან  წინ არის წასული.

„თუ ათბალიან შკალას ავიღებთ, ვფიქრობთ, 9 ბალით ვართ წარმოდგენილი. თუ გადავხედავთ იმ პერიოდებს, რა პერიოდებიც გვქონდა მოცემული, მგონია, რომ შეუძლებელი გავაკეთეთ. მით უმეტეს, ცალკ-ცალკე აღებული ეს ორგანიზაციები, ვგულისხმობ ბირჟას, საბალანსო ბაზრის ოპერატორს – სახელმწიფო ელექტროსისტემას და სისტემის კომერციულ ოპერატორს, – ეს სამივე ორგანიზაცია არის მზად.

ახლა დანარჩენი 6 თვე გვჭირდება ზუსტად იმ შიშების გამოსარიცხად, რომ რაიმე გაუთვალისწინებელი არ მოხდეს, დავაკვირდეთ, იმპორტი როგორ მიიღებს მონაწილეობას ფასის ფორმირებაში და ა.შ. ანუ, მომდევნო 6 თვე, რაც აქამდე ცალკ-ცალკე გავაკეთეთ ამ სამმა ორგანიზაციამ, ეს უკვე ერთად იმუშავებს. გაერთიანებულ ტესტირებას დაეთმობა მთელი ეს 6 თვიანი პერიოდი“, – განაცხადა ირინა მილორავამ.

მილორავას განცხადებაზე, დავით სონღულაშვილმა უპასუხა, რომ ბირჟის ამოქმედების 6 თვით გადადების შესახებ ინფორმაცია პარლამენტმა ცნობად მიიღო, ხოლო ამ ვადის განუხრელი დაცვა უკვე ენერგეტიკული ბირჟის ხელმძღვანელობის პირადი პასუხისმგებლობაა.

Comments
Loading...