დავით თვალაბეიშვილი: ენერგეტიკული ბირჟა შეიძლება 1-ელ იანვრამდეც ამოქმედდეს, შეიძლება მოგვიანებითაც

7

„ენერგეტიკული ბირჟა“ შეიძლება ამოქმედდეს 1 იანვრამდეც, შეიძლება მოგვიანებითაც. როდესაც დავინახავთ, რომ მეტ-ნაკლებად, გვაქვს კარგი შანსი, რომ გახსნის შემდეგ ბირჟა იფუნქციონირებს, იმუშავებს გამართულად, მხოლოდ ამის შემდეგ გავაკეთებთ ამას. 1 იანვრამდე პერიოდი ავიღეთ, მაგრამ შესაძლოა სექტემბერშიც იყოს ეს, შესაძლოა, იანვარში იყოს ეს, შეიძლება მოგვიანებითაც. ვნახავთ. შევხედავთ და ვნახავთ“, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, დავით თვალაბეიშვილმა დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტში გამართული მოსმენისას განაცხადა.

სპეციალური მოსმენა სექტორში ბაზრის რეფორმის  თაობაზე  მიმდინარეობს.

მისი განცხადებით, ბირჟა ბევრი ელემენტის ერთობლიობაა, რომელთა მუშაობა უნდა მოხდეს სინქრონულად.

„აქ საუბარია საბალანსო ბაზარზე. ორმხრივ ბაზარზე. საუბარია საგადასახადო თემებზე,  ანგარიშსწორებისა და აღრიცხვის საკითხებზე. ბირჟაზე ჩვენ გვეყოლება ასობით კომპანია, რომელთაც უნდა აწარმოონ საათობრივი აღრიცხვა.

ზოგიერთი ამას ახორციელებს, ზოგიერთი ნაკლებად მუშაობს ამ საკითხზე. ვისაც არ ექნება საათობრივი აღრიცხვა, მათთან პროფილირების მექანიზმი უნდა გამოვიყენოთ, რომელიც კიდევ სხვა თემაა. ანუ, ძალიან ბევრი ელემენტია, რომელთა სინქრონული მუშაობა აუცილებელია, რომ ბირჟამ გამართულად იმუშაოს“, – განმარტა თვალაბეიშვილმა.

მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, რომ ტესტირების პერიოდში ევროპელ კოლეგებთან ერთად დაინახეს, რომ თუკი ივლისში მოხდებოდა ბაზრის გახსნა, იყო საშიშროება და საკმაოდ დიდი რისკი იმისა, რომ   მომხდარიყო არასწორი აღრიცხვა, მომხდარიყო ინვოისების არასწორად დაანგარიშება.

„ამიტომ, კოლეგებმაც გვირჩიეს, რომ საჭირო არის კიდევ ინტენსიური ტესტირება, უფრო მეტი მონაწილის ჩართვა და როდესაც ერთად დავინახავთ, რომ ამ პროცესის შედეგად, ჩვენ, მეტ-ნაკლებად გვაქვს კარგი შანსი, რომ გახსნის შემდეგ ბირჟა იფუნქციონირებს, იმუშავებს გამართულად, მხოლოდ ამის შემდეგ გავაკეთებთ ამას. 1 იანვრამდე პერიოდი ავიღეთ, მაგრამ შეიძლება სექტემბერშიც იყოს ეს, შეიძლება 1 იანვრამდეც, შეიძლება მოგვიანებითაც იყოს. ვნახავთ, შევხედავთ და ვნახავთ“, -აღნიშნა თვალაბეიშვილმა.

Comments
Loading...