გურამ გურამიშვილმა საგზაო უსაფრთხოების გაუმჯობესების შესახებ კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა

6

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გურამ გურამიშვილმა მონაწილეობა მიიღო ევროკავშირთან საჯარო სამსახურების დაძმობილების პროექტის „საგზაო უსაფრთხოების ერთიანი მონაცემთა ბაზის ჩამოყალიბების და საგზაო უსაფრთხოების მართვის შემდგომი გაუმჯობესების მხარდაჭერა საქართველოში“ ფარგლებში გამართულ კონფერენციაში. პროექტი ორწლიანია და ითვალისწინებს ქვეყანაში საგზაო უსაფრთხოების პოლიტიკის განვითარებას ინსტიტუციურ დონეზე და საგზაო შემთხვევების მონაცემების შეგროვებისა და ანალიზის მეთოდების ხარისხის გაუმჯობესებას.

კონფერენციაში ასევე მონაწილეობდნენ პოლონეთის ფონდებისა და რეგიონული პოლიტიკის განვითარების მინისტრი გჟეგორჟ პუდა, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დარახველიძე, რეგიონული პოლიტიკისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე მზია გიორგობიანი, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი ამირან გამყრელიძე და სხვა ოფიციალური პირები.

პროექტი ითვალისწინებს პოლონელი და ლიეტუველი ექსპერტების თანამშრომლობას ქართველ კოლეგებთან და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, შინაგან საქმეთა სამინისტროსა და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის შესაძლებლობების გაძლიერებას საგზაო უსაფრთხოების პოლიტიკის განვითარების გზით.

თავის გამოსვლაში, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ განაცხადა, რომ საგზაო უსაფრთხოების უზრუნველყოფა საქართველოს მთავრობის ერთ-ერთი ძირითადი პრიორიტეტია და ევროკავშირის ტექნიკური დახმარების დაძმობილების პროექტს ამ ამოცანის შესრულებისთვის დიდი მნიშვნელობა ენიჭება. მისი თქმით, საგზაო უსაფრთხოების მიმართულებით, უკვე შემუშავებულია საქართველოს საგზაო უსაფრთხოების  ეროვნული სტრატეგიისა და მისი სამოქმედო გეგმის (2022-2023) პროექტები, რომელიც  უახლოეს მომავალში დამტკიცდება.

„სტრატეგიის მიზანია, ავტოსატრანსპორტო შემთხვევებით გამოწვეული სიკვდილიანობისა და მძიმე შემთხვევების რაოდენობის 25%-ით შემცირება. სტრატეგია მოიცავს ისეთ ამოცანებს, როგორიცაა საგზაო უსაფრთხოების მართვის ეფექტურობის გაზრდა და საგზაო მოძრაობის მონაწილეთა ქცევის შეცვლა პოზიტიური კუთხით, უსაფრთხო საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობა, ავტომობილების უსაფრთხოების ხარისხის გაუმჯობესება და სწრაფი და ეფექტური სამედიცინო დახმარების უზრუნველყოფა.

მისი თქმით, ევროკავშირის მხარდაჭერილი პროექტი იძლევა საქართველოს, პოლონეთს და ლიეტუვას შორის თანამშრომლობის კიდევ უფრო მეტად განმტკიცების შესაძლებლობას და კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს საქართველოს არჩევანს განვითარდეს ევროპული ღირებულებების შესაბამისად. დასაფასებელია ევროკავშირის მხარდაჭერა, რომელიც შესაძლებლობას აძლევს საქართველოს გაიზიაროს ევროკავშირის წევრი ქვეყნების გამოცდილება.

მომდევნო ორი წლის განმავლობაში, დაძმობილების პროექტი გააუმჯობესებს საგზაო უსაფრთხოების ელექტრონულ მონაცემთა ბაზებს, საგზაო უსაფრთხოების მონაცემების მართვაში ჩართული პერსონალის შესაძლებლობების გაზრდით.

გარდა ამისა, პროექტი მიზნად ისახავს ერთიანი საგზაო უსაფრთხოების მართვის სისტემის შემუშავებას საგზაო უსაფრთხოების მიმართულებით მომუშავე ეროვნული სააგენტოებისთვის, ტრამვის ეროვნული რეესტრისა და მონაცემთა მართვის ეფექტური სისტემის ჩამოყალიბების გზით.

Comments
Loading...