გლობალურ საერთაშორისო კომპანიასთა შეთანხმებას ხელი მოეწერა

30

საქართველოს რაგბის კავშირსა და გლობალურ საერთაშორისო კომპანია “მასტერქარდს” შორის ურთიერთთანამშრომლობის შეთანხმებას ხელი ოფიციალურად მოეწერა.

ხელმოწერის ცერემონიალი დღეს ნუცუბიძის პლატოზე, ახლადგახსნილ სარაგბო ბაზაზე შედგა და რაგბის კავშირის მხრიდან ავტოგრაფი პრეზიდენტმა გოჩა სვანიძემ, ხოლო “მასტერქარდის” მხრიდან ისრაელისა და საქართველოს “მასტერქარდის” გენერალურმა მენეჯერმა ანდრაშ ჰემბერგმა დასვა, რომელიც საქართველოში სპეციალურად ჩამოვიდა.

“დღევანდელი დღე კიდევ ერთი ნიშანია იმისა, რომ ქართული რაგბი სწორი მიმართულებით ვითარდება. ნებისმიერი ახალი პარტნიორი, რა მასშტაბისაც არ უნდა იყოს ის, ჩვენთვის მნიშვნელოვანი შენაძენია, თუმცა პარტნიორობა მსგავსი მასშტაბის გლობალურ ბრენდთან ბევრ ახალ შესაძლებლობას და გამოწვევას ქმნის, რის გამოც ძალიან გახარებული ვარ. დარწმუნებული ვარ, ამ თანამშრომლობით ორივე მხარე მოგებული დარჩება. არც “მასტერქარდი” და არც ჩვენ არ გავჩერდებით და ახალ-ახალი გამარჯვებებით უფრო მეტს მივაღწევთ” – განაცხადა გოჩა სვანიძემ.

“ჩვენ სრულად ვიზიარებთ იმ დიდ სიყვარულსა და პატივისცემას, რაც ქართველებს რაგბის მიმართ გააჩნიათ. ის ქართული დნმ-ისა და კულტურის განუყოფელი ნაწილია. მეამაყება, რომ რაგბის კავშირის პარტნიორები ვხდებით, რადგან სრულად ვიზიარებთ მის ღირებულებებს, შემართებასა და ოპტიმიზმს. წელს ჩვენ ვზეიმობთ საქართველოში მოღვაწეობის 20 წლის იუბილეს და რაგბის გულშემატკივრებს უამრავ სიურპრიზსა და ემოციას ვაჩუქებთ” – თქვა ანდრაშ ჰემბერგმა.

აღსანიშნავია, რომ “მასტერქარდი” წელს მსოფლიო თასის პარტნიორიცაა. შეთანხმების ხელმოწერას ჟურნალისტები, რაგბის კავშირისა და “მასტერქარდის” წარმომადგენლები, ბორჯღალოსნები და გულშემატკივრები ესწრებოდნენ.

Comments
Loading...