გლობალური კონკურენტუნარიანობის ინდექსით, 8 ქვეკომპონენტში საქართველო პირველ ათეულშია

388

მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის 2017-2018 წლის "გლობალური კონკურენტუნარიანობის ინდექსის" (The Global Competitiveness Index) მიხედვით, საქართველო მსოფლიო მასშტაბით 137 ქვეყანას შორის 8 ქვეკომპონენტში პირველ ათეულში შედის.

ეს ქვეკომპონენტებია: წლიური ინფლაცია (პირველი ადგილი), სავაჭრო ტარიფები (მე-4 ადგილი), ბიზნესის დაწყებისთვის საჭირო დღეების რაოდენობა (მე-6 ადგილი), ბიზნესის დაწყებისთვის საჭირო პროცედურების რაოდენობა (მე-7 ადგილი), ინვესტორთა უფლებების დაცვის სიძლიერე (მე-7 ადგილი), მთლიანი საგადასახადო განაკვეთი (მე-8 ადგილი), სახელმწიფო რეგულაციების ტვირთი (მე-9 ადგილი), მალარიის შემთხვევები (პირველი ადგილი).

გლობალური კონკურენტუნარიანობის რეიტინგში საქართველო წინ უსწრებს ისეთ ქვეყნებს, როგორიცაა რუმინეთი (68-ე ადგილი), სომხეთი (73-ე ადგილი), ხორვატია (74-ე ადგილი), მონტენეგრო (77-ე ადგილი), სერბეთი (78-ე ადგილი), უკრაინა (81-ე ადგილი), საბერძნეთი (87-ე ადგილი), მოლდოვა (89-ე ადგილი), ბოსნია-ჰერცეგოვინა (მე-100 ადგილი) და სხვა.

2017-2018 წლის ინდექსის მიხედვით, საქართველო 137 ქვეყანას შორის  67-ე ადგილზე იმყოფება. მიუხედავად იმისა, რომ წინა წელთან შედარებით, საქართველოს პოზიცია რეიტინგში 8 საფეხურით შემცირდა, ქვეყნის სარეიტინგო ქულა – 4.3 იგივე დარჩა, რაც მიუთითებს იმაზე, რომ პოზიციის შემცირება ძირითადად სხვა ქვეყნების მიერ პოზიციების გაუმჯობესებით არის განპირობებული.

Comments
Loading...