გიორგი ცუცქირიძე: მომხრე ვარ, “ესკომ” იმპორტირებული ელექტროენერგიის ტარიფები დეტალურად გამოაქვეყნოს

8

„მოსაზრება, რომ იმპორტირებული ელექტროენერგიის ტარიფი დღის, ღამის და უქმე დღეების მონაცემებად ჩაიშალოს და ისე ქვეყნდებოდეს, ძალიან საინტერესოა“, – ამის თაობაზე ანალიტიკოსმა გიორგი ცუცქირიძემ ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის (აფბა) ინიციატივის კომენტირებისას განაცხადა.

„აფბა“ „ესკოსგან“იმპორტირებული ელექტროენერგიის ტარიფის ჩაშლილად გასაჯაროებას მოითხოვს.

ცუცქირიძის განცხადებით, საშუალო ტარიფი, რასაც „ესკო“ აქვეყნებს, გამომდინარეობს შეწონვიდან და შესაბამისად, არგუმენტი, რომ მხოლოდ ამ მონაცემის გამოქვეყნება არ იძლევა სრულ სურათს და ტოვებს, როგორც ინტერპრეტირების, ისე გარკვეული ინტერესების გატარების შესაძლებლობას, სწორია.

„საშუალო ფასი, შეიძლება იყოს ნაკლებად ადეკვატური არსებულ რეალობასთან და ობიექტურად არ ასახევდეს მას. მე მომხრე ვარ, რომ „ესკომ“ სწორედ ამ პრინციპით, დღის/ღამის და უქმე დღეების ტარიფის გასაჯაროებით განაგრძოს ინფორმაციის გამოქვეყნება. სხვათა შორის, ეს არ არის ინოვაცია, ბევრ ქვეყანაში სწორედ ამ პრინციპით მოქმედებენ“, – აღნიშნა ცუცქირიძემ.

მისი თქმით, გამჭვირვალობის ერთ-ერთი მთავარი კომპონენტი არის ფასი.

„სწორედ ფასიდან გამომდინარეობს ყველაფერი, თუ რამდენად რელევანტურია ეს ფასი ენერგოგენერაციაში. როცა ბაზარი დიდი არ არის, ან არ არის საკმარისად ლიკვიდური, იქ ყოველთვის რჩება გარკვეული მანიპულაციების საფრთხე. ამ რისკებთან საბრძოლველად ყველაზე კარგი საშუალება მაქსიმალური გამჭვირვალობაა. საამისოდ, ელექტროენერგიის იმპორტის ბაზრის შემთხვევაში, ერთ-ერთი კარგი საშუალება ჩაშლილი ფასის გასაჯაროება იქნება“, – აღნიშნა ანალიტიკოსმა.

Comments
Loading...