გიორგი ჩერქეზიშვილმა საზღვაო აკადემიის სტუდენტებს სწავლის დაწყება მიულოცა

314

დღეს, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გიორგი ჩერქეზიშვილი  აჭარის მთავრობის თავმჯდომარესთან,  ზურაბ პატარაძესთან  ერთად ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის სასწავლო წლის დაწყების აღსანიშნავ საზეიმო ღონისძიებას დაესწრო.

გიორგი ჩერქეზიშვილმა აკადემიის ეზოში შეკრებილ პირველკურსელებს სასწავლო წლის დაწყება მიულოცა.  როგორც მან განაცხადა, აკადემიას აქვს ძალიან დიდი ისტორია, ინერგება ახალი სასწავლო პროგრამები და  ახალი სიმულატორები, რომლებიც საშუალებას იძლევა,  აკადემია ჩამოყალიბდეს რეგიონალური მასშტაბის უმაღლეს სასაწავლებლად.

"ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემია ერთადერთი საზღვაო სასწავლებელია საქართველოში, რომელიც აღჭურვილია საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის მოთხოვნების შესაბამისი მატერიალურ-ტექნიკური ბაზით. შესაბამისად, მის მიერ გაცემული დიპლომიც საერთაშორისოდაა აღიარებული. 2012 წლიდან დღემდე საზღვაო აკადემიაში გატარებულმა მნიშვნელოვანმა რეფორმებმა გავლენა მოახდინა მისი რეიტინგის ამაღლებაზე. მაღალკვალიფიციური განათლება  აკადემიის კურსადამთავრებულებს საშუალებას აძლევს დასაქმდნენ საერთაშორისო ბაზარზე.

ის ფაქტი, რომ სასწავლებელს  წელს არც ერთი ვაკანტური ადგილი არ დარჩა,  იმის მაჩვენებელია, რომ  პროფესია მეზღვაური დღითიდღე პოპულარული და მოთხოვნადი პროფესია ხდება.  მოხარული ვარ, რომ ვხედავ, როგორ ვითარდება აკადემია. მინდა აქვე აღვნიშნო, რომ საქართველოს ბიუჯეტში, ქართველ მეზღვაურებს, წლიურად, დაახლოებით 150-180 მლნ. ლარის კონტრიბუცია შემოაქვთ. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების  სამინისტრო   ყველაფერს გააკეთებს მეზღვაურის პროფესიის   უფრო მეტი პოპულარიზაციისთვის", – განაცხადა  გიორგი ჩერქეზიშვილმა.

აღსანიშნავია, რომ აკადემიაში წელს  გამოცხადებული 575 ვაკანტური ადგილი სრულად შეივსო, ყველაზე დიდი მოთხოვნა კი ნავიგაციისა და ლოჯისტიკის სპეციალობებზე დაფიქსირდა. ამასთან, აკადემია  ოფიცრებთან ერთად, სასწავლებელთან არსებულ პროფესიული გადამზადების ცენტრში  ერთწლიანი უფასო  პროგრამის ფარგლებში,  რიგით მეზღვაურებსაც ამზადებს.

აკადემიის კურსდამთავრებულთა საშუალო დასაქმების მაჩვენებელი 75 პროცენტია. ქართველი მეზღვაურები, ძირითადად, დასაქმებულნი არიან ევროპულ და აზიურ  გემებზე.

საზღვაო აკადემიაში საგანმანათლებლო პროცესი ორი მიმართულებით ხორციელდება: ეს არის საზღვაო-საინჟინრო და ბიზნესისა და მართვის ფაკულტეტები. ამჟამად აკადემიაში დაახლოებით 2200 სტუდენტი სწავლობს.

ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიაში მოქმედებს თანამედროვე, მაღალი სტანდარტების და საერთაშორისო დონის მეზღვაურთა სასწავლო, საწვრთნელი და სერტიფიცირების ცენტრი, რომელიც აღჭურვილია  თანამედროვე სასწავლო-სიმულაციური დანადგარებით. იგი წარმოადგენს საზღვაო ფლოტის სხვადასხვა დონის სპეციალისტების მომზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების სერტიფიცირების ცენტრს.

დღესვე აკადემიაში საზეიმოდ გაიხსნა "საკერუიზო ტურიზმში კომპეტენციათა რეგიონული ცენტრი", რომელიც ძირითადად სამი მიმართულებით იმუშავებს: განათლების, კონსალტინგისა და კვლევების კუთხით. კომპეტენციათა ცენტრის ჩამოყალიბება ხელს შეუწყობს საქართველოში საკრუიზო ტურიზმისა და   მომიჯნავე სხვა დარგების განვითარებას. ცენტრის საქმიანობის ძირითად მიმართულებას  რეგიონის ტურისტული პოტენციალის შესწავლა და მისი ეფექტიანი გამოყენება წარმოადგენს.

დღესვე დაგეგმილია რეგიონული სიმპოზიუმი თემაზე – "საკრუიზო ტურიზმი: მსოფლიო გამოცდილება და მისი განვითარების პერსპექტივები შავი ზღვის რეგიონში", რომელშიც  ევროკავშირის ქვეყნების (გერმანიის, სლოვაკეთის, იტალიის, ბულგარეთის, რუმინეთის)  და უკრაინის პროფესორ -მასწავლებლები მონაწილეობენ.

Comments
Loading...