გიორგი ჩერქეზიშვილმა მონაწილეობა მიიღო შავი ზღვის რიგით მე-4 საერთაშორისო კონფერენციაში

324

15 სექტემბერს ბათუმში გაიხსნა კონფერენცია შავ ზღვაში ლურჯი ეკონომიკის /Blue economy/ განვითარების საკითხებზე – "რეგიონის ნაპირითა და საზღვაო თანამშრომლობით დაკავშირება". აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.

შავი ზღვის რიგით მე-4 საერთაშორისო კონფერენცია  ევროკომისიის, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს და საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს თანაორგანიზებით გაიმართა.

კონფერენციის მონაწილეებს სიტყვით მიმართა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, გიორგი ჩერქეზიშვილმა. მან თავის გამოსვლაში ისაუბრა, თუ როგორ უნდა მოხდეს საზღვაო სფეროს განვითარება, რომელიც ძალიან ბევრ ფაქტორს მოიცავს – როგორც გარემოს დაცვითს, ისე ეკონომიკურს. ამასთან, გიორგი ჩერქეზიშვილმა აქცენტი გააკეთა იმაზეც, თუ როგორ უნდა მოხდეს ზღვის რესურსების, მისი  ეკონომიკური აქტივობის სწორი და ეფექტური გამოყენება.

კონფერენციაში შავი ზღვის ქვეყნების (მათ შორის ბულგარეთის, საქართველოს, რუმინეთის, რუსეთის, თურქეთის, უკრაინისა და მოლდოვის რესპუბლიკის) მაღალი დონის წარმომადგენლები მონაწილეობენ – გარემოს დაცვისა და ეკონომიკის მინისტრები და მინისტრების მოადგილეები, დარგის ექსპერტები და მეცნიერები, ასევე საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების და ბიზნესსექტორის წარმომადგენლები.

კონფერენციაზე განხილვის მთავარი თემა საზღვაო ეკონომიკის ე.წ. "ლურჯი ეკონომიკის" საკითხები იყო. აღსანიშნავია, რომ წინა სამი ღონისძიების (2014 წელს ბუქარესტში, 2015 წელს სოფიაში და 2016 წელს ოდესაში) წარმატებით ჩატარებით, კონფერენცია გადაიქცა ინსტიტუციურ და კერძო დაინტერესებულ პირთა მთავარ ფორუმად, რომლებიც მუშაობენ შავ ზღვასთან დაკავშირებულ საზღვაო საკითხებზე, მათ შორისაა: ლურჯი განვითარების მხარდაჭერა, ინოვაციური ბიზნეს-გამოცდილებების გაზიარება, ნაპირთან დაკავშირებული ცოდნის გაზიარება და ნაპირის განვითარების ზრდა, საზღვაო საქმიანობებისა და პროფესიების მხარდაჭერა, საზღვაო პროექტების დასაფინანსებელი წყაროების იდენტიფიცირება და მათ განსახორციელებლად პარტნიორთა მოძიება და ა.შ.

კონფერენცია აგრეთვე განიხილავს 2016 წლის ოქტომბერში, ბუქარესტში მიღებული დეკლარაციის განხორციელებას, რომელიც შეეხება მდგრად თევზჭერას და განიხილავს კონკრეტულ ქმედებებს, რათა განხორციელდეს თევზჭერის რესურსების მდგრადობის გაუმჯობესება.

Comments
Loading...