გიორგი კეპულაძე: შესაძლოა ლარის გაუფასურება თხილის ექსპორტსაც უკავშირდებოდეს

100

არასამთავრობო ორგანიზაცია “საზოგადოება და ბანკების” ხელმძღვანელი გიორგი კეპულაძე ამბობს, რომ ლარის კურსის გაუფასურებისთვის საგარეო ფაქტორები არ არსებობს და მხოლოდ ორი ფაქტორით შეიძლება აიხსნას. ერთი ეს არის ის მოლოდინი, რომ ლარი ამ პერიოდში ყოველ წელს უფასურდება და მეორე ფაქტორი შესაძლოა თხილის ექსპორტის შემცირებასაც უაკვშირდებოდეს, რადგან ფაროსანას გამო თხილი მოსავალი შემცირებულია, თუმცა კეპულაძე ამბობს რომ ამაზე დეტალური ანალიზის გაკეთება ექსპორტის შესახებ სტატისტიკის გამოქვეყნების შემდეგ იქნება შესაძლებელი.

როგორც გიორგი კეპულაძემ “აიპრესს” განუცხადა, მცურავ გაცვლით კურსზე პოლიტიკური განცხადებაც კი ახდენს გავლენას. მოლოდინების შექმნის თვალსაზრისით, სავარაუდოდ პოლიტიკური ტემპერატურის აწევაც მოახდენდა გავლენას, თუმცა მთლიანად ამას რომ დავაბრალოთ, ამაზე საუბარი არასწორია.

“ახლა ისეთი სეზონია, როდესაც სამწუხაროდ ეროვნული ვალუტა ყოველ წელს უფასურდება. ანუ ეს უკვე ტრადიციად იქცა, რომ შემოდგომაზე იწყება ლარის გაუფასურება და ერთგვარი მოლოდინი ბაზრის მონაწილეების, რომ ლარი აუცილებლად გაუფასურდება. ეს იწვევს იმას, რომ ბაზრის მონაწილეები ცდილობენ რომ თუ დოლარი ან ევრო ხვალ სჭირდებათ ის დღეს იყიდონ, რადგან დღეს ფასი უკეთესია. შესაბამისად მოთხოვნა მცირდება და შესაბამისად დოლარის და ევროს ფასი იზრდება.

სეზონურობა და მოლოდინი უკავშირდება ზამთრის მოახლოებას. ეს არის ერთი ფაქტორი. არ არის გამორიცხული, რომ შესაძლოა ეს უკავშირდებოდეს თხილის ექსპორტის შემცირებას. ფაროსანას გამო უკვე მეორე წელია თხილის გაცილებით ნაკლებ მოსავალს ვიღებთ. შარშან მაგალითად თხილის ექსპორტით საქართველოს 80 მილიონი დოლარი დააკლდა. არ არის გამორიცხული დანაკლისი წელსაც დიდი იყოს, თუმცა ეს გვეცოდინება მას შემდეგ, რაც ექსპორტის სტატისტიკა გამოქვეყნდება.

ეს არის ჩემი ვარაუდი, როგორც წესი თხილის ექსპორტიორები მიღებულ შემოსავალს მალევე ახურდავებენ უცხოურ ვალუტაში. ეს მთავარი მიზეზებია, რადგან საგარეო ფაქტორები არ არის. თურქული ვალუტის გაუფასურებაც არ არის ბოლო 1 თვეში. პირიქით, ბოლო 1 თვეში გამყარების ტენდენციაა და ნავთობზე ფასების ზრდის მხრივ. ჩვენს სავაჭრო პარტნიორებში ოდნავ გააუმჯობესდა როგორც სავაჭრო ბრუნვა, ისე ზოგადად ეკონომიკის მდგომარეობა”, – ამბობს კეპულაძე. კითხვაზე, პოლიტიკურ პროცესებთანაც ხომ არ არის დაკავშირებული, რადგან პოლიტიკური ტემპერატურის აწევას დაემთხვა ლარის გაუფასურება.

ამაზე კეპულაძე ამბობს: “ზოგადად მცურავ გაცვლით კურსზე პოლიტიკური განცხადებაც კი ახდენს გავლენას. თუმცა, მთლიანად ამას მე ვერ დავაბრალებდი. საქართველოში ლამის ყოველ წელს არჩევნებია და დაძაბულ პოლიტიკურ რეჟიმში ვცხოვრობთ. წინასაარჩევნო გარემო იმ მოლოდინებზე ახდენს გავლენას, რომ შესაძლოა არჩევნების შემდეგ კიდევ უფრო გაუარესდეს და მოდი დღეს მოვასწროთ და თუ საშუალება გვაქვს დღეს შევიძინოთ. ამ მოლოდინების ფორმირებაზე პოლიტიკური პროცესები რა თქმა უნდა გავლეას ახდენს”, – გვითხრა გიორგი კეპულაძემ. შეგახსენებთ, ბოლო რამდენიმე დღეში ლარის კურის დოლართან და ევროსთან მიმართებაში რამდენიმე პუნქტით გაუფასურდა.

ეროვნული ბანკის მონაცემებით, დღეს 1 დოლარის შეძენა 2.7026 ლარად არის შესაძლებელი, ხოლო 1 ევრო 3.1134 ლარი ღირს.

Comments
Loading...