გიორგი კეპულაძე: როგორც რესტორანს ვერ ვთხოვთ ნახევარ ფასში გაგვიმასპინძლდეს, ასევე ვერ მოვთხოვთ ბანკს, სესხი უფასოდ მოგვცეს

2

“დღეს საპენსიო ასაკის ადამიანებს აქვთ არა პენსია, არამედ სოციალური დახმარება, ამას არ ჰქვია პენსია,“- ამის შესახებ „საზოგადოება და ბანკების“ თავმჯდომარემ გიორგი კეპულაძემ პირველი არხის გადაცემაში „რეალური სივრცე“ განაცხადა.

მისი ინფორმაციით, დღეს საქართველოში პენსიის არსებული ოდენობა არ არის საკმარისი იმ მაღალი ინფლაციის და ეკონომიკური პრობლემების გამო, რომელიც ბოლო 30 წელია ქვეყანაშია.

„პრობლემა რჩება და ამის მთავარი მიზეზი არის სიღარიბე. მიუხედავად იმისა, რომ ეს შეიძლება არ ამართლებდეს იმას, რომ ადამიანები ვერ იღებენ სოციალურ დახმარებას,მაშინ მივდივართ მთავრობის ეკონომიკურ და სოციალურ პოლიტიკასთან.

ჩვენ კომერციულ ინსტიტუტებს რომ რამე მოვთხოვოთ, არ გვაქვს იურიდიული უფლება. ჩვენ თუ ვინმეს რამე უნდა მოვთხოვოთ, ეს არის ის ვისაც ვირჩევთ და ვინც იღებს გადაწყვეტილებებს ამ ქვეყანაში და არა კერძო ერთს ან მეორე ბანკს.

როგორც რესტორანს ვერ ვთხოვთ, რომ შევალთ და ნახევარ ფასში გაგვიმასპინძლდეს,ასევე ვერ მოვთოვთ ბანკს, სესხი უფასოდ მოგვცეს,“-აღნიშნავს კეპულაძე.

მისი შეფასებით, მთლიანად გადასახედია ქვეყნის სოციალური პოლიტიკა. ამის გადახედვას კი ხელს მთავრობის მიერ ამ მიმართულებით გამოყოფილი თანხების არასწორი გადანაწილება უშლის. კეპულაძის განმარტებით, ხშირ შემთხევევაში, ეს შეიძლება დაიხარჯოს მათ შორის, ბევრი საჯარო მოხელის ხელფასზე, რომელიც თავის ფუნქციას სათანადოდ ვერ ასრულებს.

„მაგალითად, ვიცით ჩვენ სახელმწიფო კომპანიები, რომლებიც მილიარდიან ზარალზე გადიან. როდესაც ვსაუბრობთ, ეროვნულმა ბანკმა რა შეიძლება გააკეთოს, გეტყვით, რომ მარეგულირებლის ინიციტივით, სამოქალაქო კოდექსში შევიდა ცვლილება და საპროცენტო განაკვეთის 50%-იანი ჭერი დაწესდა.

შესაბამისად,ეროვნული ბანკი ეკონომიკური სიტუაციიდან გამომდინარე აწესებს საშუალო საბაზრო საპროცენტო განაკვეთს ლარში. დღეს ეს არის 10% და მას ჩვენ რეფინანსირების სესხებს ვეძახით. ბანკი,სანამ ჩვენ გვასესხებს , ეს ფული იყიდა 10%-ში და შემდეგ აწესებს საპროცენტო განაკვეთს რისკიდან გამომდინარე.

გარდა ეროვნული ბანკისა, ამას საბაზრო მოთხოვნა-მიწოდება არეგულირებს. დღეს რეალობა გვაქვს, რომ საქართველოში ლარის რესურსი ძვირი ღირს.

მე არ ავყვები პოლიტიკური პარტიების წინასაარჩევნო დაპირებებს და მათი მხრიდან დასახელებულ რიცხვებს, რომელიც ხშირად მათემატიკასაც აცდენილია. ეს ეხება როგორც სამთავრობო, ისე ოპოზიციურ პარტიებს. ხშირ შემთხვევაში მათი დაპირებები ლოგიკაშიც კი არ ჯდება მათემატიკაზე რომ არაფერი ვთქვათ. როდესაც სახელმწიფოს აქვს ხარჯი, დათვლილია რა გვექნება შემოსავალი, ამ ხარჯების სამართლიანი გადანაწილება უნდა ხდებოდეს.სახელმწიფომ უნდა განსაზღვროს რა არის მისთვის პრიორიტეტი.

ის, რომ სახელმწიფო უწყებებში თავისი ამომრჩევლები ყავდეს დასაქმებული თუ ის, რომ ხანშიშესულ ადამიანს თვიდან თვემდე წამლის ფულად არ ყოფნის პენსია, ამაზე იზრუნოს. თუ ვინმეს რამეს მოვთხოვთ, უნდა მოვთხოვოთ იმას, ვისაც ვირჩევთ, რომ მას ჰქონდეს სწორი ეკონომიკური პოლიტიკა,“-აცხადებს კეპულაძე.

კითხვაზე, რამდენად შესაძლებელია სახელმწიფომ მოახდინოს სესხის სუბსიდირება, კეპულაძე აცხადებს,რომ ის ნებისმისმიერი სუბსიდირების წინააღმდეგია, რადგან ამას მოკლევადიანი ეფექტი აქვს. მისი ინფორმაციით, საბაზრო ფასში ჩარევა როგორც წესი გრძელვადიან პერიოდში, ეკონომიკური თვალსაზრისით უკუშედეგს გამოიწვევს.

„როდესაც სუბსიდირებაზე ვსაუბრობთ, რას ნიშნავს, რომ ჩვენ დანარჩენებმა უნდა გადავიხადოთ დამატებით იმისთვის, რომ ვიღაცამ სესხი აიღოს? ეს ვერ იქნება ჩარჩოებში მოქცეული. ინფლაციაზე ინდექსაცია მოხდა და მომავალი წლიდან როგორი ინფლაციაც გვექნება, შესაბამისად, გაიზრდება პენსიაც.

დღეს საშუალო ინფლაცია თუ არის 12 ან 13%-ი, მედიკამენტებზე ფასები გაცილებით მეტადაა გაზრდილი, მარტო პური 20%-ითაა გაძვირებული. მე არ ვამბობ იმას, რომ ვიღაცას ან არ უნდა დავეხმაროთ, ან რავიცი.

ადამიანები, როდესაც საპენსიო ასაკის დადგომას შიშით უყურებენ, ნორმალურ სახელმწიფოში მსგავსი არ უნდა ხდებოდეს. სამწუხაროდ, ეს მოცემულობა გვაქვს. მე არ ვამბობ, რომ სახელმწიფოს და მთავრობას არ აქვს შესაძლებლობა მეტი გააკეთოს.“-აცხადებს კეპულაძე.

Comments
Loading...