გიორგი კაპანაძე: შესაძლოა, საგზაო ინფრასტრუქტურული პტოექტები უკანონოდ შენდებოდეს

264

"ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია – აფბამ“ მსხვილი საგზაო ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებისას გამოცხადებული ტენდერებისა და მათი პირობების ჯეროვნად შესრულების საზოგადოებრივი მონიტორინგი დაიწყო.

როგორც აფბას ვიცე-პრეზიდენტი გიორი კაპანაძე აცხადებს, კვლევის დაწყების მიზეზი გახდა ინფორმაცია, რომ მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების პროცესში ხშირად გვხვდება მნიშვნელოვანი დარღვევები და იკვეთება ფაქტები, როდესაც მიმდინარე თუ განხორციელებული სამუშაოები აცდენილია პროექტით განსაზღვრულ პარამეტრებს.

კაპანაძის განცახადებით, ამ ყველაფრის ერთ-ერთი დადასტურებაა ჩუნური კომპანია ,,სინოჰიდროს“ მიმდინარე სამუშაოები სამტრედია-გრიგოლეთის შემოვლით გზაზე.

,,არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ სამტრედია-გრიგოლეთის შემოვლით გზის მშენებლობის პროცესში დარღვეულია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესები გზის მშენებლობის პროექტის და პროექტებში შესული ცვლილებების დამტკიცების დროს. მშენებლობები, თავდაპირველ პროექტებში შესული ცვლილებების შემდეგ ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობის, საერთაშორისო ხელშეკრულებების პირობების, საერთაშორისო ნორმების და პროცედურების უხეში დარღვევით“, – აცხადებს კაპანაძე.

აფბას ვიცე-პრეზიდენტის თქმით, პროექტით განსაზღვრული იყო, რომ სამტრედია-გრიგოლეთის შემოვლით გზა ქვის ხიმინჯებზე უნდა გაკეთებულიყო, თუმცა ჩინურმა კომპანია ,,სინოჰიდრომ“ ტენდერში გამარჯვების შემდეგ შეცვალა პროექტი და მიმართა უფრო იაფ მეთოდს – მათ გზის საფუძველ გრუნტში, ნიადაგიდან წყლის გამოდევნის მიზნით, ვერტიკალური დრენაჟები (ფითილები) განათავსეს.

,,ამ ეტაპზე, ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, ჩინურმა კომპანია ,,სინოჰიდრომ“ სამტრედია-გრიგოლეთის შემოვლითი გზის ტენდერში გამარჯვების შემდეგ შეცვალა არსებული პროექტი და მიმართა უფრო იაფფასიან და არარელევანტურ მეთოდს, კერძოდ გზის საფუძველ გრუნტში, ნიადაგიდან წყლის გამოდევნის მიზნით, ვერტიკალური დრენაჟები (ფითილები) განათავსა, არადა პროექტით განსაზღვრული იყო გზის ქვის ხიმინჯების გაკეთება. შესაბამისად, შესაძლოა, საქმე გვქონდეს უკანონო მშენებლობებთან, რაც აჩენს საფრთხეს, რომ სამომავლოდ ახალაშენებული გზა არაადეკვატურად მოკლე დროში დაზიანდეს და თავიდან გახდეს გასაკეთებელი. არსებული ხარვეზების შესახებ თავად ინფრასტრუქტურის მინისტრმა ზურაბ ალავიძემაც ისაუბრა, მას შემდეგ რაც სამტრედია-გრიგოლოთის მიმდინარე საგზაო სამუშაოებს გაეცნო.

დეტალური ინფორმაცია ამ და სხვა მსხვილ ინფრასტრუქურულ პროექტებთან დაკავშირებით გვექნება მას შემდეგ რაც ჩვენი ორგანიზაცია ინფრასტრუქტურის სამინისტროსგან გამოთხოვილ ინფორმაციას მიიღებს. შესაბამისად, შემდეგ უფრო კონკრეტულად შეგვეძლება იმის შესახებ საუბარი, თუ საკუთრივ რა დარღვევებთან გვაქვს საქმე ,,სინოჰიდროსა“ თუ სხვა საგზაო ინფრასტრუქტურული სამუშაობის განმახროციელებელი კომპანიების მხრიდან“, – აცხადებს აფბას ვიცე-პრეზიდენტი გიორგი კაპანაძე.
 

Comments
Loading...