გიორგი კაპანაძე: ვინაიდან 65 წელს ზემოთ მოქალაქეების სიცოცხლის დაზღვევის პოლისი ბაზარზე არ არსებობს, ბანკებს რისკის საკუთარ თავზე აღება უწევთ

3

„ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციამ“ სადაზღვევო ბაზარზე ჩატარებული მოკვლევის შედეგები გაასაჯაროვა. მოკვლევის  მიზანი იმის გარკვევა იყო,  ხელმისაწვდომია თუ არა, სიცოცხლის დაზღვევის პროდუქტით სარგებლობა 65 წელს გადაცილებული მოსახლეობისთვის. შედეგების თაობაზე „კომერსანტი“ აფბას ხელმძღვანელს გიორგი კაპანაძეს ესაუბრა.

— რა გახდა აღნიშნული მოკვლევის ჩატარების ინსპირაცია. რატომ გადაწყვიტა აფბამ ამ კონკრეტული სადაზღვევო პროდუქტის შესწავლა?

— დაინტერესებულმა საზოგადოებამ იცის, რომ აფბა საფუძვლიანად სწავლობს საპენსიო და სხვა სოციალური გასაცემლების საკითხს. გარდა ამისა, ასევე ჩვენი შესწავლის საგანია უფროსი თაობის ადამიანებზე გაცემული კრედიტების პირობები და საპროცენტო განაკვეთები. კერძოდ, ე.წ. საპენსიო სესხებზე ვსაუბრობ. ეს თემა არაერთხელ გამხდარა პოლიტიკური ინსინუაციების საგანი და, სამწუხაროდ, კონკრეტულ ანალიზზე და რიცხვებზე დაფუძნებული მსჯელობა არცერთი მხრიდან არ მოგვისმენია.

განსაკუთრებით საინტერესო აქ არის ამ პროდუქტზე არსებული საპროცენტო განაკვეთის სამართლიანობა და ის, თუ რა კომპონენტებისგან შედგება აღნიშნული განაკვეთი. საინტერესო იყო იმის დანახვა, თუ რა მოცულობა უჭირავს საპროცენტო განაკვეთში ბენეფიციარის სიცოცხლის დაზღვევის კომპონენტს. ეს მომენტი საგულისხმოა იმიტომაც, რომ საკითხზე საუბრისას, სხვადასხვა მხრიდან, ხშირად ისმოდა მსჯელობა, მათ შორის არცთუ იშვიათად, უარგუმენტო, სწორედ ამ კომპონენტის არსებობა-არარსებობაზე და მის როლზე საბაზრო საპროცენტო განაკვეთის დადგენისას.

— რა გამოიკვეთა თქვენი მოკვლევის შედეგად?

— მოკვლევის პროცესში ჩვენმა ორგანიზაციამ შესაბამისი კითხვით მიმართა  ბაზარზე არსებულ ყველა სადაზღვევო კომპანიას. როგორც მათ  მიერ მოწოდებული ინფორმაციიდან გამოიკვეთა, სიცოცხლის დაზღვევას ექვემდებარება მხოლოდ 65 წლის ასაკამდე პიროვნება, ხოლო 65 წელზე უფროსი ადამიანისთვის, ანუ საპენსიო ასაკობრივი სეგმენტისთვის, აღნიშნული პროდუქტი, ხელმისაწვდომი უბრალოდ  არ არის.

რა თქმა უნდა, აღნიშნული ფაქტორი განაპირობებს უფროსი თაობის ადამიანებისთვის კრედიტებზე საპროცენტო განაკვეთების ზრდას. უფრო მარტივად რომ ვთქვა, ვინაიდან 65 წელს ზემოთ მოქალაქეების სიცოცხლის დაზღვევის პოლისი ბაზარზე არ არსებობს, ბანკებს რისკის საკუთარ თავზე აღება უწევთ. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ბანკებს სიცოცხლის დაზღვევის საფასური საპროცენტო განაკვეთში აქვთ გათვალისწინებული. მესმის, რომ ეს შეიძლება უფროსი თაობის ადამიანებს დიდად არ აინტერესებთ, თუმცა ალბათ ყველას ესმის, რომ ნებისმიერ კომერციულ სტრუქტურას, მათ შორის ბანკს, საკუთარი დღის წესრიგი აქვს და, შესაბამისად, მათი პოლიტიკა საქველმოქმედო მიზნებზე ვერ იქნება დამყარებული.

— რით ხსნიან სადაზღვევო კომპანიები იმას, რომ სიცოცხლის დაზღვევის პროდუქტი ამ ასაკობრივი ჯგუფისთვის ხელმისაწვდომი არ არის?

— კომპანიების განმარტებით, ასაკობრივ შეზღუდვას განაპირობებს  სადაზღვევო ლიმიტი და გადამზღვეველთან შეთანხმებული ასაკი. ასევე, სტატისტიკური მონაცემების და სხვა პარამეტრების გათვალისწინებით, სადაზღვევო კომპანიები უარს ამბობენ გარკვეული ასაკის (ეს ზღვარი, უკეთეს შემთხვევაში,  65 წელია. ხშირად გვხდება 60 წელის ნიშნულიც) ზევით პიროვნების დაზღვევაზე. სადაზღვევო კომპანიების განმარტებით, ასაკის მატებასთან ერთად იმდენად მაღალია სიცოცხლის დაზღვევის პროდუქტის ღირებულება, რომ ასაკოვანი მოქალაქისთვის მისი შეძენა აზრს მოკლებულია.

— გასაგებია, რომ ასაკის მატებასთან ერთად ეს პროდუქტი ძვირდება და ამდენად კომპანიებს ის უბრალოდ არ აქვთ გაყიდვაში. რა უარყოფით ტენდენციას იწვევს არსებული ვითარება?

— ფაქტია, რომ  საპენსიო ასაკის მოქალაქეებს კრედიტზე ხელმისაწვდომობას სიცოცხლის დაზღვევის ბაზრის არარსებობაც უზღუდავს. ფაქტია ისიც, რომ ეს ვითარება, ამავადროულად, საგრძნობლად უძვირებს მათ საკრედიტო პროდუქტებს.

როგორც აღმოჩნდა, მიმდინარე მომენტისთვის, ერთი მხრივ, სადაზღვევო ბაზარზე 65 წელს გადაცილებული მომხმარებლებისთვის უბრალოდ არ არსებობს სიცოცხლის დაზღვევის პროდუქტი, ხოლო მეორე მხრივ არც სახელმწიფოს მხრიდან ხდება სიცოცხლის დაზღვევის რისკის გაზიარება.

— სად ხედავთ გამოსავალს, ანუ შესაძლებელია თუ არა, მოცემულ ეტაპზე,  არსებული ვითარების რაიმე გზით შემსუბუქება, – ვგულისხმობ გზებს, რომლებმაც შედეგად სწორედ ამ ასაკობრივი სეგმნენტისთვის საკრედიტო პროდუქტის გაიაფება უნდა მოიტანოს. შესაძლებელია თუ არა, რომ სიცოცხლის დაზღვევის კომპონენტის განვითარებამ ან/და ამ რისკის სახელმწიფოს მიერ გაზიარებამ, ეს შედეგი დააყენოს?

— აფბაში მიგვაჩნია, რომ 65 წელს ზევით ასაკობრივი სეგმენტისთვის სიცოცხლის დაზღვევის პროდუქტის ხელმისაწვდომობის პრობლემა სერიოზული გამოწვევაა, რომლის დაძლევასაც სადაზღვევო ბაზრის ფიგურანტების და მთლიანად მთავრობის მხრიდან, ერთობლივი, კოორდინირებული მუშაობა ესაჭიროება.

ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია, გამოიკვეთოს ის შესაძლებლობები, რომელთა ამოქმედება 65 წელს გადაცილებული ასაკობრივი კატეგორიისთვის მოქალაქეებისთვის ამ პროდუქტის ხელმისაწვდომობას მნიშვნელოვნად გაზრდის. რა უნდა იყოს ეს შესაძლებლობები, მზა რეცეპტის მოცემას, ვფიქრობ, ვერავინ შეძლებს, სწორედ საამისოდაა საჭირო მუშაობა ყველა დაინტერესებული მხარის მონაწილეობთ, მათ შორის, პროფილური საზოგადოებრივი ორგანიზაციების აქტიური ჩართულობით. რაც შეეხება საკუთრივ სიცოცხლის დაზღვევის კომპონენტის რაიმე ფორმითა და ფორმატით უფრო მასშტაბურად ჩართვას ამ პროცესში, ბუნებრივია, ეს სესხზე პროცენტს შეამცირებს. საქმე ის არის, ვინ უნდა გასწიოს აღნიშნული სადაზღვევო პროდუქტის ხარჯი.

წყარო: commersant.ge

Comments
Loading...