გიორგი ვაშაძე: პროკურატურამ ეს კორუფციული სქემა, საფუძვლიანად უნდა შეისწავლოს

396

"სამოქალაქო პლატფორმა – ახალი "საქართველოს წევრებმა, დღეს საქართველოს მთავარ პროკურატურაში წერილი შეიტანეს. განცხადებაში, ოპოზიციური პარტიის ლიდერები, უფასო სასადილოების კორუფციულ სქემასთან დაკავშირებით, გამოძიების დაწყების დაჩქარებას ითხოვენ.

"საგანგაშოა, როდესაც ყველაზე გაჭირვებული ადამიანების ხარჯზე, ჩინოვნიკები მდიდრდებიან. მივმართეთ პროკურატურას შეისწავლოს „ახალი საქართველოს“ მიერ გამოაშკარავებული, უფასო სასადილოების კორუფციული სქემა.  რამდენიმე დღის წინ, ჩვენ წერილობით მივმართეთ პროკურორს, სადაც მასთან შეხვედრას ვითხოვთ. მზად ვართ, გამოძიებას გადავცეთ დამატებითი ინფორმაცია, იმ მონიტორინგის შედეგები, რომელიც ჩვენ კვლევის პროცესში მოვიპოვეთ. მივმართავთ პროკურატურას, დაუყოვნებლივ დაიწყოს გამოძიება. ჩვენ ამ საქმეს ბოლომე მივყვებით, დამნაშავეები აუცილებლად დაისჯებიან", – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

"ახალი საქართველოს’ წევრების განცხადებით, პროკურატურაში შეტანილ წერილში, ისინი მოითხოვენ დაუყოვნებლივ მოხდეს უფასო სასადილოებში დამონტაჟებულ კამერებში არსებული ჩანაწერების შესწავლა, ხელმოწერების ნამდვილობის დასადგენად, მოხდეს ჟურნალის ექსპერტიზა. ასევე, მოხდეს ელექტრონული ბაზის შესწავლა რათა დადგინდეს, რეალურად რამდენი ადამიანი დადის ყოველდღიურად უფასო სასადილოში და რამდენს მიაქვს კუთვნილი ულუფა. დადგინდეს, რეალურად მზადდება თუ არა ბაზაში(ძირითად სიაში) მყოფი, ყველა ბენეფიციარისთვის საკმარისი საკვები და დამატებით სიაში მყოფი რამდენი ბენეფიციარი იღბს საკვებს ყოველდღიურად.

შეგახსენებთ, "ახალმა საქართველომ" რამდენიმეთვიანი მონიტორინგის შედეგად, უფასო სასადილოებში არსებული კორიფციული სქემის დეტალები გამოავლინა. მათი განცხადებით, უფასო სასადილოებისთვის გამოყოფილი ბიუჯეტიდან, ყოველწლიურად 10 მილიონ ლარამდე, მიდის კონკრეტული ჩინოვნიკების ჯიბეში. საუბარია, მერიის, საკრებულოსა და გამგეობების მაღალი თანამდებობის პირებზე. "ახალი საქართველოს" თქმით, თბილისში, დღეს 39 251 ბენეფიციარი სარგებლობს უფასო სასადილოებით, 7030 კი მომლოდინეთა სიაშია. თუმცა, პარტიის მიერ ჩატარებული მონიტორინგის შედეგად დადგინდა, რომ რეალურად ამ ადამიანების ნახევარიც კი, არ სარგებლობს უფასო სასადილოების მომსახურებით ყოველდღიურად. 

ოპოზიციურ პარტიაში განმარტავენს, რომ დაინტერესების შემთხვევაში, მზად არიან გამოძიებას მიაწოდონ დამატებითი ინფორმაცია.

Comments
Loading...