გიორგი გახარია უზბეკეთის პარლამენტის ვიცესპიკერს შეხვდა

366

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი გახარია დღეს უზბეკეთის რესპუბლიკის დელეგაციას შეხვდა, რომელსაც ოლი მაჟლისის (პარლამენტი) სენატის თავმჯდომარის პირველი მოადგილე სოდიკ საფაევი ხელმძღვანელობს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.

უზბეკეთის პარლამენტის ვიცე-სპიკერი ასევე უზბეკეთის პრეზიდენტის მთავარი მრჩეველია საგარეო ურთიერთობების საკითხებში. უზბეკეთის დელეგაციის შემადგენლობაში შედიან ეკონომიკის მინისტრის მოადგილე შურხატ ისმაილოვი, სს "უზბეკეთის რკინიგზის" გამგეობის თავმჯდომარის მოადგილე დავრონ დეჰკანოვი, ასევე უზბეკეთის საგარეო საქმეთა და საგარეო ეკონომიკური კავშირების სამინისტროების წარმომადგენლები.

საქართველო-უზბეკეთს შორის ორმხრივი თანამშრომლობის მნიშვნელოვან მიმართულებას წარმოადგენს ტრანსპორტის სფერო და ტვირთების ტრანზიტი.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოს გავლით ტრანზიტის მოცულობის გაზრდას და ერთობლივი პროექტების ინიცირებას. უზბეკეთის მხარე დაინტერესებულია საქართველოს სატრანსპორტო-ლოგისტიკური შესაძლებლობებით, თანამშრომლობა განიხილება არამხოლოდ ორმხრივ, არამედ რეგიონალურ და მრავალმხრივ ფორმატში.

შეხვედრაზე ასევე განიხილეს სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები ტურიზმის, კავშირგაბმულობის, საგარეო ვაჭრობის და სხვა სფეროებში. დაისახა ახალი პროექტების გეგმები და კონკრეტული საკითხები, რომელიც ხელს შეუწყობს ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებას და განვითარებას.

შეხვედრაზე მხარეები შეთანხმდნენ ორ ქვეყანას შორის არსებული სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებაზე, საექსპორტო შესაძლებლობების გაზრდაზე, პროდუქციის თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმით გადაადგილების ხელშეწყობის და ორმხრივი სამართლებრივი ბაზის სრულყოფის საკითხებზე, ასევე ერთობლივი საწარმოების გახსნის პერსპექტივებზე და ა.შ.

Comments
Loading...