გერმანია საქართველოს 5.2 მლნ ევროს გრანტს გამოუყოფს

5

საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა და საქართველოში გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩმა, ჰუბერტ ქნირშმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას საქართველოს მთავრობასა და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობას შორის ფინანსური თანამშრომლობის შესახებ.

ხელმოწერის ცერემონიის დაწყებამდე სიტყვით გამოსვლისას, მათ საქართველო-გერმანიას შორის თანამშრომლობის მნიშვნელობაზე ისაუბრეს.

ღონისძიებაზე ორ ქვეყანას შორის წარმატებული პარტნიორობის მნიშვნელობას გამოსვლისას ხაზი გაუსვეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების სამინისტროს, სამხრეთ-აღმოსავლეთ და აღმოსავლეთ ევროპის, სამხრეთ კავკასიის სამმართველოს ხელმძღვანელმა, სანტიაგო ალონსო როდრიგესმა.

დღეს ხელმოწერილი დოკუმენტი წარმოადგენს ჩარჩო-შეთანხმებას, რომელიც ითვალისწინებს გერმანიის მიერ საქართველოსთვის 5.2 მლნ ევროს ოდენობით დამატებითი გრანტის გამოყოფას პროექტისათვის: „ბიომრავალფეროვნება და მდგრადი ადგილობრივი განვითარება – საქართველო“. პროექტისთვის გამოყოფილი საგრანტო თანხის საერთო ოდენობა შეადგენს 23.7 მლნ ევროს.

ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩს კიდევ ერთხელ მადლობა გადაუხადა იმ მხარდაჭერისთვის, რომელსაც გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობა უწევს საქართველოს მნიშვნელოვანი პროექტების დაფინანსების, ასევე, ევროპასთან ურთიერთობების გაღრმავების მიმართულებით.

მხარეებმა იმედი გამოთქვეს, რომ გერმანიასთან, როგორც საქართველოს განვითარების წამყვან პარტნიორთან, შემდგომი თანამშრომლობა კვლავ ნაყოფიერი იქნება და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობის მხარდაჭერით დაფინანსებული პროექტები და პროგრამები ქვეყნის მნიშვნელოვანი მიმართულებების განვითარებას მოხმარდება.

Comments
Loading...