გერმანიაში სათამაშოების გამოფენაში 3 ქართული კომპანია მიიღებს მონაწილეობას

245

2018 წლის 31 იანვრიდან-4 თებერვლის ჩათვლით, გერმანიაში, ქალაქ ნიურნბერგში სათამაშოების გამოფენაზე "Spielwarenmesse 2018" საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააგენტოს "აწარმოე საქართველოში" ორგანიზებით სამი ქართული კომპანია – შპს "კოდალა", შპს "ჯეოთოიზ" და შპს "თამაშობანა" მიიღებს მონაწილეობას. ამის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.

სათამაშოების წარმოების კუთხით ეს ღონისძიება მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური და პრესტიჟულია, რომელშიც 60 ქვეყნიდან, 2850-ზე მეტი სათამაშოების მწარმოებელი კომპანია მონაწილეობს. ვიზიტორების რაოდენობა კი ყოველწლიურად დაახლოებით 73 000-ს შეადგენს.

სათამაშოების გამოფენაზე – "Spielwarenmesse 2018" მონაწილეობის მიზანი ქართული კომპანიების ხელშეწყობა და უცხოელ პოტენციურ პარტნიორებთან და დამკვეთებთან ბიზნესკავშირების დამყარებაა.

შეგახსენებთ, რომ "აწარმოე საქართველოში – ექსპორტის" მიმართულების მიზანია საქართველოს საექსპორტო პოტენციალის პოპულარიზაცია, ქართული პროდუქტების კონკურენტუნარიანობის გაზრდა საერთაშორისო ბაზრებზე, ქართული პროდუქტების ექსპორტის მოცულობის ზრდა და საქართველოს საექსპორტო ბაზრების დივერსიფიცირება.

Comments
Loading...