გახარია: ჩვენთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია დოლარიზაციის პრობლემის გადაწყვეტა

420

"ჩვენთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია დოლარიზაციის პრობლემის გადაწყვეტა. ჩვენ ვართ მომავალზე ორიენტირებული, ხოლო გალარების ნაწილი ეს იყო სოციალური პასუხისმგებლობის საკითხი – ვინც ჩათვალა, რომ ეს მათთვის მომგებიანი იყო, ეს ნაბიჯი გადადგა", – აღნიშნულის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა.

"ჩვენ ყველას კარგად გვესმის, რომ დოლარიზაციის დონე ჩვენი ეკონომიკის სერიოზული რისკია. ამიტომ ლარიზაციის ის პოლიტიკა, რომელიც მთავრობის მიერ იყო არჩეული, არის ძალზე მნიშვნელოვანი და ძალზე გრძელვადიანი მიმართულება, და ჩვენ ყველას კარგად გვესმის, რომ ესაა ფუნდამენტური ცვლილება ჩვენი ეკონომიკის სტრუქტურული ცვლილებისთვის. ამან უნდა შესძინოს ეკონომიკას მეტი მდგრადობა, ჩვენ ნაკლებად უნდა ვიყოთ დამოკიდებული გარე შოკებზე და ა.შ. თუმცა, გალარების კომპონენტი – ეს იყო აბსოლუტურად გააზრებული სოციალური ნაბიჯი, ასევე ვთქვათ, სახელმწიფოს მხრიდან კეთილი ნება, სოციალური პასუხისმგებლობის აღქმის შედეგად მოსახლეობისთვის შეთავაზებული.

ვინც ეს შეთავაზება მიიღო, მათ ისარგებლეს ამ პროდუქტით, ხოლო ვინც არ მიიღო და გადაწყვიტა, რომ მისი პირადი ინტერესებიდან გამომდინარე, სჯობს დარჩეს იმ სტრუქტურულ პორტფელში, როგორიც აქვს – ეს მათი გადაწყვეტილებაა.

ჩვენთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია დოლარიზაციის პრობლემის გადაწყვეტა. ჩვენ ვართ მომავალზე ორიენტირებული, ხოლო გალარების ნაწილი ეს იყო სოციალური პასუხისმგებლობის საკითხი – ვინც ჩათვალა, რომ ეს მათთვის მომგებიანი იყო, ეს ნაბიჯი გადადგა. ბევრი იქნება ეს თუ ცოტა, ამას დღეს დიდი მნიშვნელობა არ აქვს, ეს არ არის კონცეპტუალური თემა – კონცეპტუალური თემა ის გახლავთ, რომ ჩვენ მივდივართ ლარიზაციის მიმართულებით, რაც სწორი გადაწყვეტილებაა", – აცხადებს გიორგი გახარია.

Comments
Loading...