გარემოს დაცვის სამინისტროს წარმომადგენლები, გიორგი ვაშაძის ინიციატივას იზიარებენ

323

"პოლიტიკური პლატფორმა- ახალი საქართველოს" წევრები აზბესტის იმპორტის აკრძალვის  ინიციატივით გამოდიან. პარტიის ლიდერის, გიორგი ვაშაძის განცხადებით, აზბესტი არის კარცეროგენი, რომელიც იწვევს ფილტვისა და სასუნთქი გზების სიმსივნეს. მისივე თქმით, ოფიციალური მონაცემებით,  თბილისში ყოველწლიურად 400-მდე ადამიანი იღუპება სასუნთქი გზების სიმსივნით.

"მოვითხოვთ, აიკრაძლოს ყველა სახის აზბესტის იმპორტი 2018 წლის 1 იანვრიდან. ამ საკითხთან დაკავშირებით გავმართეთ შეხვედრები გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის მოადგილესთან, ქალბატონ ეკატერინე გრიგალავასთან. შეხვედრაზე, ჩვენ წარმოვადგინეთ ჩვენი ინიციატივა. რაც ძალიან სასიხარულოა, მათ გაიზიარეს ჩვენი ხედვა და აღგვითქვეს სრული მხარდაჭერა ამ პრობლემის მოგვარებასთან დაკავშირებით. 

ეს არ არის პირველი შეხვედრა, რომელიც ჩვენ ამ თემაზე გავმართეთ. მანამდე გვქონდა საუბარი დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის წარმომადგენელთან, ქ-ნ ნანა გაბრიაძესთან. მისი პოზიციაც ანალოგიურია. მივიღეთ მხარდაჭერის პირობა. 

აზბესტი, მსოფლიოს 53 ქვეყანაშია აკრძალული. საქართველო არის როტერდამის კონვენციის წევრი ქვეყანა, რომელიც კრძალავს წევრი ქვეყნების ტერიტორიაზე გარკვეული ტიპის აზბესტის იმპორტს", – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

"ახალი საქართველოს" ლიდერის განმარტებით, აუცილებელია ამ მიმართულებით მოეწყოს საჯარო განხილვები და დისკუსიები, რაც შესაძლებელს გახდის, მოსახლეობას მიეწოდოს სრული ინფორმაცია აზბესტის მავნებლობასთან დაკავშირებით.

Comments
Loading...