განახლებადი ენერგიების განვითარების ასოციაციის ხელმძღვანელი: საქართველოს ენერგეტიკული დამოუკიდებლობისთვის საჭიროა ისეთი მნიშვნელოვანი პროექტების ამოქმედება, როგორიცაა ნამახვანი ჰესების კასკადი

248

საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობაზე დიდადაა დამოკიდებული ქვეყნის პოლიტიკური დამოუკიდებლობა და ეკონომიკური განვითარება. ჩვენ 30 წელია, ვაშენებთ ეკონომიკურად და პოლიტიკურად ძლიერ სახელმწიფოს და ამ მიმართებით აუცილებელია, ჩვენი ბუნებრივი განახლებადი რესურსი – წყალი სწორად და ოპტიმალურად გამოვიყენოთ. ეს ფაქტორი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ელექტროენერგიის მზარდი მოხმარებისა და იმპორტის ზრდის ფონზე. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, ეს ტენდენცია შემოვაბრუნოთ და როდესაც 10 წლის შემდეგ ჩვენი ენერგომოხმარება გაორმაგდება, მისი დაკმაყოფილება საკუთარი რესურსებით შევძლოთ. ჰიდრორესურსების და მთლიანი პოტენციალის ათვისების შემთხვევაში, შეგვიძლია ექსპორტიორი ქვეყანა გავხდეთ, – განაცხადა საქართველოს განახლებადი ენერგიების განვითარების ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა გიორგი აბრამიშვილმა.

მისი თქმით, ჰიდრორესურსების პოტენციალის მთლიანად ათვისების შემთხვევაში საქართველო ელექტროენერგიის ექსპორტიდან, დღევანდელი გასაშუალოებული იმპორტის ფასის ანგარიშით (თუმც სავარაუდოთ 10 წელიწადში ეს ფასი საგრძნობლად გაიზრდება), 5 მლრდ აშშ დოლარის შემოსავალს მიიღებს, საიდანაც 1 მლრდ აშშ დოლარი გადასახადების სახით ბიუჯეტში გადაირიცხება, დარჩენილი თანხა კი რეინვესტირებული იქნება ჩვენს ეკონომიკაში.

„საქართველოს ენერგეტიკული დამოუკიდებლობისთვის საჭიროა ისეთი მნიშვნელოვანი პროექტების ამოქმედება, როგორიცაა ნამახვანი ჰესების კასკადი. ისინი უნდა განვახორციელოთ საუკეთესო თანამედროვე სტანდარტებით და ჩვენი ადამიანური და გონებრივი რესურსი ამისაკენ მივმართოდ. ამ პროექტის განხორციელებით ჩვენ ვაჩვენებთ მსოფლიოს, რომ შეგვიძლია მაღალი სტანდარტების მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტების მშენებლობა,“ – განაცხადა გიორგი აბრამიშვილმა.

ნამახვანის ჰესის დადგმული სიმძლავრეა 430-მეგვტ, ხოლო წლიური გამომუშავება დაახლოებით 1,5 მილიარდი კვტ საათია, რაც 2019 წელს საქართველოს მთლიანი მოხმარების 11.7%-ის ტოლია. პროექტის 800 მლნ აშშ დოლარის ინვესტიცია განხორციელდება და 2000 – მდე ადამიანი დასაქმდება, რომელთა დიდი ნაწილი რიონის ხეობის სოფლების მოსახლეები იქნებიან. სადგურის სრულად ექსპლოატაციაში შესვლა 2024 წლის ბოლომდეა დაგეგმილი.

Comments
Loading...