გალარების ერთჯერადი პროგრამით 80 მილიონ აშშ დოლარამდე სესხი გალარდა

393

გალარების ერთჯერადი პროგრამით დაახლოებით 80 მლნ აშშ დოლარამდე (78 659 017 აშშ დოლარი) 5 617 საბანკო სესხი გალარდა.

პროგრამა, რომელიც საქართველოს მთავრობამ ეროვნული ბანკის მხარდაჭერით განახორციელა, 17 იანვარს დაიწყო. ორი თვის განმავლობაში საქართველოს მოქალაქეებს, რომელთაც პროგრამა შეეხოთ, შესაძლებლობა ჰქონდათ ნებისმიერი კომერციული ბანკისთვის მიემართათ და შეღავათიანი პირობებით გაელარებინათ უცხოური ვალუტით დენომინირებული საბანკო სესხი. პროგრამის ფარგლებში მსესხებელი გათავისუფლებული იყო დამატებული ხარჯებისგან, მათ შორის წინასწარ დაფარვის საკომისიოსა და ქონების რეგისტრაციის მოსაკრებლისგან. პროგრამის შედეგად დაკონვერტირდა გალარებას დაქვემდებარებული სესხების მთლიანი რაოდენობის 25 პროცენტი.

გალარების პროგრამის მთავარი მიზანი მომხმარებლისათვის აშშ დოლარით დენომინირებული სესხის მომსახურების ტვირთის შემსუბუქება იყო, რომელიც ზრდაც აშშ დოლარის გამყარებამ განაპირობა. ლარით დენომინირებული სესხი უზრუნველყოფს სესხის მომსახურების ხარჯების სტაბილურობასა და პროგნოზირებადობას.

პირდაპირი სარგებლის გარდა, გალარების პროგრამა მნიშვნელოვანი იყო ფინანსური განათლების კუთხითაც, ვინაიდან მომხმარებლებს მიეცათ საშუალება, მეტი ინფორმაცია მიეღოთ ლარითა და უცხოური ვალუტით დენომინირებულ სასესხო პროდუქტებს შორის განსხვავებაზე, აგრეთვე კონვერტაციის ხარჯებსა და სავალუტო რისკებზე. ამ ფაქტორების გათვალისწინებით, უმჯობესია სესხი ლარით ავიღოთ, ვიდრე უცხოური ვალუტით.

სესხები გალარება კვალავაც შესაძლებელია, მაგრამ უკვე სახელმწიფო სუბსიდიის გარეშე. გალარების შემთხვევაში გაუქმებული იქნება სესხის წინასწარ გადახდის 2-პროცენტიანი საკომისიო.

ეროვნული ბანკი ვებგვერდზე უმოკლეს ხანში განაახლებს სპეციალურ კალკულატორს, რომელიც საშუალებას მისცემს დაინტერესებულ მომხმარებელს გააანალიზოს სესხის გალარების დადებითი მხარეები.

Comments
Loading...