“გაიცანი საქართველო” პრესტური თუშეთში

347

კამპანია "გაიცანი საქართველო"-ს ფარგლებში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ თუშეთში პრესტური გამართა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.

სხვადასხვა მედიასაშუალებების 20 წარმომადგენელი ომალოს ეწვია. ჟურნალისტებმა კესალოს კოშკები და ეთნოგრაფიული მუზეუმი დაათვალიერეს. ტურის მონაწილეებმა სოფელ დართლოში მოინახულეს კულტურული ძეგლები და გაეცნენ თუშურ სამზარეულოს. ომალოში მედიის წარმომადგენლები დაესწრნენ ტრადიციულ დოღს, ასევე გადაიღეს ფესტივალი "აქ თუშეთია". შიდა ტურიზმის პოპულარიზაციის მიზნით, ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ კამპანია "გაიცანი საქართველო" 2015 წელს დაიწყო.

პროექტის მიზანია საქართველოს ტურისტული პოტენციალის წარმოჩენა და შიდა ტურიზმის პოპულარიზაცია. საქართველოს ერთ-ერთი ულამაზესი ისტორიული კუთხე თუშეთი ქვეყნის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში მდებარეობს. თუშეთის სოფლები ზღვის დონიდან 1900 -2400 მეტრამდეა განლაგებული.

თუშეთი ოთხ ძირითად თემად იყოფა. პირიქითა, გომეწრის, წოვათას თემი და ჩაღმის თემი. თუშეთის ადმინისტრაციული ცენტრი – ომალო ჩაღმის თემს მიეკუთვნება. თუშეთში მიმავალი სამანქანო გზა კახეთიდან, სოფელ ფშაველიდან იწყება და საქართველოს ყველაზე მაღალი სამანქანო გადასასვლელის – აბანოს უღელტეხილის (2926მ.) გავლით ომალოში ჩადის. აბანოს უღელტეხილი წლის მანძილზე მხოლოდ რამდენიმე თვე ფუნქციონირებს.

Comments
Loading...