გააზიარე წარმატება – “ბიზნესდაჯილდოება 2017” იწყება

390

#გააზიარეწარმატება – ამ სლოგანით საქართველოს ისტორიაში ყველაზე მასშტაბური ბიზნესდაჯილდოება, თიბისი ბანკისა და ჯეოსელის ორგანიზებით წელს უკვე მეორედ იმართება. ამ თემაზე პრესკონფერენცია თიბისი ბანკის სათაო ოფისში გაიმართა.

ბიზნესდაჯილდოების მიზანია ხელი შეუწყოს საქართველოში  ახალი ბიზნესების შექმნას,  და  მხარი დაუჭიროს არსებული ბიზნესების განვითარებას. დაჯილდოების მთავარი სლოგანი #გააზიარეწარმატება კვლავ ძალაშია, ორგანიზატორები პროექტში მონაწილე კომპანიებს შესაძლებლობას აძლევენ, თავიანთი წარმატების ისტორიები  სოციალური ქსელების და მედიის მეშვეობით მთელ  საქართველოს გაუზიარონ.

წელს, განსაკუთრებული აქცენტი ბიზნესის კორპორაციულ სოციალურ პასუხისმგებლობაზე  გაკეთდება, რადგან თანამედროვე სამყაროში წარმატებული ბიზნესი, ფინანსურ  შედეგებთან  ერთად, საზოგადოებისთვის სასარგებლო და საინტერესო საქმის კეთებას ნიშნავს.  შესაბამისად, პროექტები, რომლებიც კომპანიებმა თავიანთი CSR-ის ფარგლებში განახორციელეს, საინტერესო ფორმით წარმოჩინდება და მიეწოდება საზოგადოებას.

მონაწილეობის მიღება შესაძლებელია შემდეგ ნომინაციებში:

  • წლის ინოვაციური ბიზნესი
  • წლის ტურისტული ბიზნესი
  • წლის აგრობიზნესი
  • წლის ქართული პროდუქტი
  • წლის მცირე ბიზნესი
  • წლის ბიზნესი
  • წლის სტარტაპერი

ასევე, წელს, ჯეოსელის პატრონაჟით, ინოვაციურ ბიზნეს-ნომინაციასთან ერთად,  განსაკუთრებული კომუნიკაცია გაკეთდება მთელ საქართველოში არსებულ  სოციალურ საწარმოებზე.

რეგისტრაციის გავლა შესაძლებელია ონლაინ, ვებგვერდზე www.businessaward.ge. სიახლეა რეგისტრაციისას, სურვილის შემთხვევაში, მონაწილე კომპანიებს შეუძლიათ ინფორმაცია წარმოადგინონ თავიანთი კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში განხორციელებული პროექტების შესახებ.

გამარჯვებულების გამოვლენაზე ჟიური იზრუნებს, რომელიც სხვადასხვა სფეროს პროფესიონალებისგან დაკომპლექტდება. ჟიურის ვინაობა დაჯილდოების ბოლომდე კონფიდენციალური დარჩება. ჟიურის თოთოეული წევრი დამოუკიდებლად შეაფასებს მონაწილე კომპანიას და მას ქულას დაუწერს. შეფასებისას განსაკუთრებული აქცენტი  შემდეგ კრიტერიუმებზე გაკეთდება:

  • საზოგადოებისთვის გარკვეული მატერიალური ან არამატერიალური სარგებლის მოტანის პოტენციალი; 
  • ინოვაციური პროდუქტების/მომსახურების განვითარება;
  • დადებითი გავლენა ბიზნესსა და სოციალურ გარემოზე;
  • ზრდასა და განვითარებაზე ორიენტირებულობა;
  • ინიციატივა, რომელიც ამაღლებს სამეწარმეო სულისკვეთებას;
  • ახალი ტენდენციების დანერგვა საზოგადოებაში. 

ყველა ნომინაციაში გამარჯვებულს ჟიური დაასახელებს, გამონაკლისია ნომინაცია „წლის სტარტაპერი“, სადაც გამარჯვებული საყოველთაო ხმის მიცემის პრინციპით გამოვლინდება.

დაჯილდოებაში მონაწილეობა შეუძლია ნებისმიერ კომპანიას, რომელიც ბიზნესსაქმიანობას ეწევა. საწარმო 2016 წლამდე უნდა იყოს რეგისტრირებული,  ხოლო ნომინაციაში "წლის სტარტაპერი" მონაწილეობისთვის, კომპანია არ უნდა იყოს დარეგისტრირებული 2015 წლამდე. ასევე, ნომინაციებში "წლის სტარტაპერი" და "წლის მცირე ბიზნესი" კომპანიის წლიური ბრუნვა არ უნდა აღემატებოდეს 50 000 ლარს. აღნიშნული წესები არ ვრცელდება ნომინაციაზე "წლის ინოვაციური ბიზნესი".

ბიზნესდაჯილდოებაში მონაწილეობა შეზღუდულია ისეთი საწარმოებისთვის, რომელთა საქმიანობა ეხება  საბანკო-საფინანსო სფეროს, საკონსულტაციო, აუდიტორულ და სანოტარო მომსახურებას, ასევე, სათამაშო ბიზნესს (აზარტული თამაშები), თამბაქოს წარმოებას და რეალიზაციას.

პროექტის მხარდამჭერები არიან "აწარმოე საქართველოში" და EFSE ("ევროპული ფონდი სახრეთ-აღმოსავლეთ ევროპისთვის").

2016 წელს  ბიზნესდაჯილდოებაში მონაწილეობა 523-მმა კომპანიამ მიიღო. ჟიურის რჩეულები ნომინაციების მიხედვით დაჯილდოების დასკვნით ღონისძიებაზე გამოვლინდა. თუმცა, პროექტის კულმინაციას წინ უძღოდა რამდენიმე თვიანი კამპანია, რომლის დროსაც თიბისი ბანკმა და ჯეოსელმა დაჯილდოების მონაწილეებისთვის სხვადასხვა პიარ და მარკეტინგული ღონისძიებები განახორციელეს.  შედეგად, სოციალური ქსელების მეშვეობით  ბიზნესდაჯილდოების შესახებ მილიონზე მეტმა ადამიანმა შეიტყო; ჰეშთეგი  #გააზიარეწარმატება  100 000-მდე ადამიანმა გამოიყენა, ხოლო მედიასაშუალებებში პროექტისა და მონაწილეების შესახებ 200-ზე მეტი სტატია და რეპორტაჟი მომზადდა.

Comments
Loading...