ბრიტანეთს, გაზის ფასის მატების გამო, რთული ზამთარი ელის

5

ბრიტანეთს, გაზის რეკორდულად მაღალი ფასების გამო, რთული ზამთარი ელოდება. ამის შესახებ ბრიტანეთის ენერგეტიკული მომწოდებლებისა და ენერგიის მწარმოებელთა გაერთიანების განცხადებაშია აღნიშნული.

ევროპაში გაზის ფასები წინა წლის დასაწყისიდან სტაბილურად იზრდება. ფიუჩერსული ფასები მკვეთრად გაიზარდა ბოლო კვირებში.

ჯერ კიდევ აგვისტოს დასაწყისში, ჰოლანდიური TTF ინდექსის უახლოესი ფიუჩერსების სავარაუდო ფასი ათას კუბურ მეტრზე დაახლოებით 515 აშშ დოლარს შეადგენდა, ხოლო სექტემბრის ბოლოსთვის ეს მაჩვენებელი გაორმაგდა. 5 ოქტომბერს, ფიუჩერსულმა ფასებმა რეკორდულ 1,450 აშშ დოლარს გადააჭარბა.

მიმდინარე წლის იანვრიდან ბრიტანეთში 12 ენერგეტიკული კომპანია გაკოტრდა, რომელიც დაახლოებით 1,5 მილიონ მომხმარებელს ემსახურებოდა.

“ეს იქნება რთული ზამთარი მომხმარებლებისა და მომწოდებლებისთვის. ეს კიდევ უფრო ხაზს უსვამს ჩვენი ნახშირბადის დაბალი ენერგიის რესურსების კიდევ უფრო გაფართოების აუცილებლობას და იმპორტირებულ გაზზე დამოკიდებულების შემცირებას”, – აღნიშნულია გაერთიანების განცხადებაში.

ენერგეტიკის სექტორი ასევე მიიჩნევს, რომ ქვეყანას სჭირდება სახლების ენერგოეფექტურობის ეროვნული პროგრამა, როგორც ყველაზე ეფექტური ღონისძიებაა სამომხმარებლო ხარჯების შესამცირებლად.

ცნობისთვის, ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში დიდ ბრიტანეთში საწვავის მომარაგების პრობლემაა, რომელიც იმ მძღოლების სიმცირის გამო წარმოიშვა, ვისაც საწვავი დიდი ტერმინალებიდან მიჰქონდათ. შედეგად ნავთობის კომპანიებს რამდენიმე ბენზინგასამართი სადგურის დახურვა მოუწია. პანიკაში მოსახლეობამ ბენზინის ქაოტური ყიდვა დაიწყო, რამაც სადგურებზე უზარმაზარი რიგები გამოიწვია.

Comments
Loading...