ბრიტანეთი სატვირთოების მძღოლებისათვის დროებით სამუშაო ვიზებს გასცემს

3

ბრიტანეთი სატვირთო მანქანების მძღოლებისათვის დროებითი სამუშაო ვიზების გაცემას იწყებს. ქვეყნის პრემიერ-მინისტრის, ბორის ჯონსონის განცხადებით, ქვეყანამ აღნიშნული გადაწყვეტილება საწვავის მიწოდებასთან დაკავშირებული პრობლემის აღმოსაფხვრელად მიიღო.

პრემიერის განცხადებით, ამ ეტაპზე მხოლოდ 127 სატვირთო ავტომობილის მძღოლმა მიმართა ბრიტანეთს დროებითი სამუშაო ვიზის მისაღებად.

ბრიტანეთის მთავრობა დროებითი სამუშაო ვიზის გაცემას დაახლოებით 300 უცხოელ საწვავის მიმწოდებელი სატვირთო ავტომობილის მძღოლზე გეგმავს. ქვეყანა ასევე დამატებით 4,700 ვიზის გაცემას განიხილავს საკვების მიმწოდებელი სატვირთო ავტომობილების მძღოლებისათვის.

ბრიტანეთს ამ ეტაპზე დაახლოებით 90,000 სატვირთო ავტომობილის მძღოლი ესაჭიროება.

დიზელის დეფიციტის გამო, დიდ ბრიტანეთში ავტოგასამართ სადგურებზე საწვავის მიწოდებაში სამხედროები ჩაერთნენ.

ცნობისთვის, ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში დიდ ბრიტანეთში საწვავის მომარაგების პრობლემაა, რომელიც იმ მძღოლების სიმცირის გამო წარმოიშვა, ვისაც საწვავი დიდი ტერმინალებიდან მიჰქონდათ. შედეგად ნავთობის კომპანიებს რამდენიმე ბენზინგასამართი სადგურის დახურვა მოუწია. პანიკაში მოსახლეობამ ბენზინის ქაოტური ყიდვა დაიწყო, რამაც სადგურებზე უზარმაზარი რიგები გამოიწვია.

Comments
Loading...