“ბრექსითის” ფონზე, ლონდონში უძრავი ქონების ფასები ეცემა

77

2018 წლის ბოლო კვარტლის მონაცემების მიხედვით, უძრავი ქონების ღირებულება, ლონდონის აქამდე ყველაზე მოთხოვნად რაიონებში 1,5%-ით გაიაფდა, ხოლო წლიური მაჩვენებლის მიხედვით, ფასების ვარდნამ 4,6% აჩვენა. ამის შესახებ Bloomberg წერს.

დაეცა არამხოლოდ ფასები, არამედ ბაზარზე შეთანხმებების საერთო მოცულობაც.

კერძოდ, Bloomberg-ი აღნიშნავს, რომ უძრავი ქონების ბაზარზე გავლენა იქონია რამდენიმე ფაქტორმა, პირველ რიგში ეს არის პოლიტიკური არასტაბილურობა, რაც ბრექსითმა გამოიწვია. მისი სცენარი დამტკიცებული ჯერ კიდევ არ არის. მეორე ფაქტორი ეს არის საგადასახადო რეფორმები, რომლის შედეგადაც ყველაზე ძვირადღირებული სახლების ფასი 15%-ით გაიზარდა.

Hammersmith-ისა და Fulham-ის რაიონებში ფასები 6,6%-ით დაეცა, Kensington-სა და Chelsea-ზე – 7,7%-ით, Westminster-ზე 14,9%-ით, ხოლო Tower Hamlets-ზე თითქმის 9%-ით. თუმცა, ამავდროულად City-ზე მდებარე საცხოვრებელი სახლები 9,7%-ით გაძვირდა.

ბრექსითი 29 მარტის თარიღით არის ჩანიშნული, თუმცა პრემიერმინისტრმა ტერეზა მეიმ ჯერ კიდევ ვერ მოახერხა მისი სცენარის შეთანხმება. ევროკავშირთან ხანგრძლივი მოლაპარაკებების შედეგად მიღწეული შეთანხმების დოკუმენტს ბრიტანეთის პარლამენტმა მხარი არ დაუჭირა. დეპუტატებმა ცვლილებების შეტანა მოითხოვეს, თუმცა ევროსაბჭოს დეპუტატებმა მიღწეული შეთანხმების პირობების გადახედვაზე უარი განაცხადეს.

Comments
Loading...