ბიძინა ივანიშვილი: ქართული ეკონომიკა დღეს სწორი და ოპტიმისტური მიმართულებით მოძრაობს

19

“ქართული ეკონომიკა დღეს სწორი და ოპტიმისტური მიმართულებით მოძრაობს, მიუხედავად იმისა, რომ კორონავირუსმა მკვეთრად შეკვეცა შიდა და გარე ინვესტორების აქტივობა”, – ამის შესახებ “ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი დღეს გავრცელებულ წერილში წერს.

“”ქართული ოცნების” ახლანდელი გუნდი, უწინდელთან შედარებით, ძირეულად განსხვავებული და განახლებულია. პირადად ჩემთვის საამაყოა, რომ დღეს „ქართული ოცნება“ არა ახალბედა და მერყევი, არამედ პირიქით, პოლიტიკურ ბრძოლებში გამობრძმედილი და გამოცდილი, ევრო-ატლანტიკური ღირებულებებისა და მსოფლმხედველობის მტკიცედ გამზიარებელი, გამორჩეული სახელმწიფოებრივი პასუხისმგებლობის მქონე, ხალხის სამსახურში მყოფი, ერთგული, ნიჭიერი და პატიოსანი ადამიანების მყარი ერთობაა, რომელიც სამშობლოს სიყვარულით, პატრიოტიზმით, თავდადებით, ინტელექტით, საკუთარი მოქალაქეებისადმი თანაგრძნობითა და პროფესიონალიზმით, არც ერთი შეფასების ნიშნითა თუ კრიტერიუმით არ ჩამოუვარდება ევროპული ქვეყნების მთავრობებს.

მინდა შეგახსენოთ, რომ უკანასკნელი წლების განმავლობაში „ქართული ოცნების“ გუნდის ფორმირება მიმდინარეობდა გაწბილებული და ყავლგასული პარტიისა და მისი განშტოებების მხრიდან გამუდმებული უსამართლო თავდასხმებისა და იერიშების თანხლებით. ჩვენ გავუძელით პოლიტიკურ ბრძოლას ყოველგვარი ეთიკური ნორმებისა და წესების გარეშე.

პარადოქსული და უპრეცედენტოა, რომ რაც მეტ წარმატებას აღწევდა ხელისუფლება და ქვეყანა, კიდევ უფრო განრისხებულად, არაკონსტრუქციულად და მტრულად მოქმედებდა ოპოზიცია. მთელმა საზოგადოებამ ნათლად იხილა, როგორ ჯიუტად ცდილობდა ოპოზიცია, შეესუსტებინა მსოფლიოში საქართველოს ავტორიტეტი და სანდოობა, ყალბი და გამოგონილი ინფორმაციებით აეზვირთებინა ხალხი, დაეთესა საზოგადოებაში განხეთქილება, შუღლი და დაპირისპირება. თუმცა, ყველა მათი სახელმწიფოსათვის საზიანო მოქმედება საბოლოოდ „ქართული ოცნების“ პოლიტიკური გუნდის შემდგომი გაძლიერებისა და გაორმაგებული მუშაობისათვის ერთგვარი ბიძგი და სტიმული აღმოჩნდა.

ოპოზიციის მიზანდასახული მონდომების საპირისპიროდ, ჩვენ კვლავაც გვაქვს მთავარი სტრატეგიული მოკავშირის, ამერიკის შეერთებული შტატებისა და ევროპელი პარტნიორების უცვლელი, მზარდი და მძლავრი მხარდაჭერა. საქართველო პატარა, მაგრამ გავლენიანი, წარმატებული და მისაბაძი დემოკრატიაა, და არა მარტო პოსტსაბჭოთა სივრცეში, არამედ აღმოსავლეთ ევროპაშიც. მრავალი ობიექტური თუ ხელოვნურად შექმნილი წინააღმდეგობის მიუხედავად, საქართველომ დინჯი და უშეცდომო ნაბიჯებით, იმ პირობებში, როცა მსოფლიო და, მათ შორის, ჩვენი რეგიონი ბევრად საშიში, არაგანჭვრეტადი და ნაკლებად კონსოლიდირებული გახდა, შეინარჩუნა მშვიდობა და სტაბილურობა.

ჩვენმა ქვეყანამ გეოპოლიტიკური რყევებისა და მოკავშირეებისათვის დამატებითი პრობლემების შექმნის გარეშე, უზრუნველყო საკუთარი ევრო-ატლანტიკური ინტერესებისა და ამოცანების ხელშესახებად წინ წაწევა. მრავალწლიანი დაუღალავი შრომის შედეგად, შევქმენით სიღარიბის დამარცხებისა და სწრაფი ეკონომიკური წინსვლის აუცილებელი საფუძვლები, თავს უფლება მივეცით და დავიწყეთ განათლების უდიდესი მასშტაბის რეფორმა, რადგან მტკიცედ გვჯერა, რომ განათლება უმოკლესი გზაა თავისუფლებისკენ, რომელიც კეთილდღეობაზე გადის.

ქართული ეკონომიკა დღეს სწორი და ოპტიმისტური მიმართულებით მოძრაობს, მიუხედავად იმისა, რომ კორონავირუსმა მკვეთრად შეკვეცა შიდა და გარე ინვესტორების აქტივობა. სამეწარმეო საქმიანობისა და კონკურენციისთვის ჩამოყალიბებულია მაქსიმალურად თავისუფალი და ტოლერანტული გარემო. ჩვენ საბოლოოდ დავუსვით წერტილი ბიზნესში მთავრობის ფავორიტიზმს და ხელისუფლების გამდიდრებისათვის შექმნილ მონოპოლიებს. ” – წერს ბიძინა ივანიშვილი.

Comments
Loading...