ბიძინა ივანიშვილი: დემოკრატიამ გაასწრო ეკონომიკას

97

"პოლიტიკაში დაბრუნება დიდად რომ არ მესიამოვნა, ყრილობაზეც დამეტყო სიტყვაში, ძალიან ვღელავდი." –  ამის შესახებ პარტია "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა პირველ არხზე განაცხადა. ბიძინა ივანიშვილმა პოლიტიკაში დაბრუნების მიზეზებზე  ისაუბრა.

"საქართველოში არის უპრეცედენტო შემთხვევა, როდესაც ასეთი მცირე ეკონომიკის, ასეთი ღარიბი ქვეყნის შემთხვევაში, დემოკრატიული ღირებულებები ევროპის, დასავლეთ ევროპის განვითარებული ქვეყნების შესადარია, რა თქმა უნდა, ჩამორჩება, მაგრამ შესადარია და ახლოსაა", -განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

"ამ ფონზე, როდესაც ქვეყანა ღარიბია და ყველას ყველაფრის უფლება აქვს, რაც ძალიან კარგია – დემოკრატიული სახელმწიფოს ღირებულებებიც სწორედ იმაშია, რომ ადამიანებზეა მაქსიმალურად ყველაფერი მორგებული. ადამიანსა და საზოგადოებას უნდა ჰქონდეს არამარტო გამოხატვის, სხვადასხვა დემოკრატიული ღირებულებები რომ არ ჩამოვთვალო, არამედ მათით სარგებლობის საშუალება. ამ ფონზე, რა თქმა უნდა, გაღრმავდა და გაიზარდა იმ ხალხის რაოდენობაც და გამონათქვამებიც, ვინც თავისუფლად საუბრობს პრობლემებზე. საუბრობს ის ხალხიც, რომელიც არასდროს საუბრობდა, კრიტიკულად საუბრობენ ისინი, ვინც წინა ხელისუფლების დროს ძალიან ცუდ პოზიციებში მოგვევლინებოდნენ", – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

"ამ ფონზე, მედიაც ძალიან ხშირად აჭარბებს, მაგრამ კარგია თავისუფალი მედია, გადააჭარბოს სჯობს, ვიდრე შეზღუდული იყოს. ეკონომიკა კიდევ ვერ ასწრებს, დემოკრატიული ნაწილი ისე სწრაფად ვითარდება. მხედველობაში მაქვს, რომ დემოკრატიული ღირებულებები უფრო ადრე და სწრაფად იკიდებს ფეხს ქვეყანაში, ვიდრე მას ეწევა ეკონომიკა", გარკვეულწილად სახელმწიფო და სახელმწიფოს სტაბილურობა არის მოწყვლადი, რამეთუ კარგად მოგეხსენებათ, საზოგადოების დიდ ნაწილს არ აქვს ელემენტარული სამუშაო ადგილები, ძალიან ხშირად ვერ ახერხებენ ბავშვებს სწავლის ფული გადაუხადონ, ცარიელი მაცივრები…- განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

ამ ფონზე, როდესაც მაქსიმალურად უზრუნველყოფილია გამოთქმის და სხვა დემოკრატიული ღირებულებები, ქვეყანაში ძალიან ბევრი ავანტურისტია, განსაკუთრებით უპასუხისმგებლო ოპოზიციის მხრიდან, ძალიან სახიფათოა სიტუაციის სტაბილურად დაჭერა და შეიძლება ამას სჭირდებოდა დამატებით ჩემი რესურსი", – განაცხადა პარტია "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ.

Comments
Loading...