ბილ გეიტსმა მაღალტექნოლოგიური ტუალეტი წარადგინა

59

კომპანია Microsoft-ის დამაარსებელმა ბილ გეიტსმა, ჩინეთში გამართულ გამოფენაზე მაღალტექნოლოგიური ტუალეტი წარადგინა, რომელიც ფუნქციონირებისთვის წყალსა და ჩადინებისთვის საჭირო მილებს არ საჭიროებს.

აღნიშნული ტუალეტი თხევადიდან მყარი ნარჩენების გამოყოფის პრინციპით მუშაობს – ორივე მასა საბოლოოდ ქიმიურ სასუქად გადამუშავდება.

“ტექნოლოგია, რომელიც თქვენ აქ იხილეთ, ბოლო 200 წლის განმავლობაში სანიტარიაში ყველაზე დიდი მიღწევაა”, – აცხადებს ბილ გეიტსი.

მაღალტექნოლოგიური ტუალეტი ბილ გეიტსისა და მისი მეუღლის მიერ შექმნილი საქველმოქმედო ფონდის რესურსების მეშვეობით შეიქმნა. 7 წლის განმავლობაში, მოწყობილობის შემუშავებისთვის, რომლის წყალობითაც ადამიანის მიერ გამოყოფილი ფეკალური მასები სასუქად, ან წყლად გადაიქცევა, ფონდმა 200 მილიონი აშშ დოლარი დახარჯა. გეიტსის თქმით, მთლიანობაში მსგავსი სახის ტუალეტის 20 ვერსია შემუშავდა.

მისი თქმით, ტუალეტის მოდელი, რომელზე მუშაობამაც რამდენიმე წელიწადი წაიღო, როგორც იქნა მზად არის. თუმცა, იმისათვის, რომ მსგავსი ტუალეტები მასობრივი წარმოების საგანი გახდეს, გეიტსის ფონდი მზად არის კიდევ 200 მილიონი აშშ დოლარი დახარჯოს.

Comments
Loading...