ბიზნეს სექტორი შრომის კანონმდებლობაში შესატან ცვლილებებს განიხილავს

527

ბიზნეს გაერთიანება "საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციაში" ბიზნეს სექტორი ჯანდაცვის სამინისტროს მიერ მომზადებულ იმ საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტს განიხილავს, რომლის მიხედვითავ განისაზღვრება ბიზნესისთვის საჯარიმო სანქციები შრომის კანონმდებლობით დადგენილი პირობების შეუსრულებლობისთვის. საგულისხმოა, რომ კანონპროექტის მიხედვით შრომის ინსპექციას ექნება უფლება სასამართლოს ნებართვის გარეშე ნებისმიერ დროს შევიდეს საწარმოში და შეამოწმოს ყველა ის პირობა და მათ შორის, ფინანსური დოკუმენტაცია, რომელიც შესაძლებელია დაკავშირებული იყოს შრომის კანონმდებლობის შეუსრულებლობასთან.

შეხვედრაზე, რომელსაც გაუძღვება საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის ვიცე-პრედიზენტი და შრომის სამართლის ექსპერტი მიშა კორძახია, ბიზნეს სექტორის წარმომადგნლები მიიღებენ ინფორმაციას უახლესი საკანონმდებლო ცვლილებების შესახებ და იმსჯელებენ იმ მოსალოდნელი შედეგების შესახებ, რაც შეიძლება მოჰყვეს აღნიშნული კანონმდებლობის ამოქმედებას.

ცვლილებები მომზადებულია შემდეგი საქართველოს კანონებისთვის:

  • "ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ" კანონი
  • "დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ" კანონი
  • "სამეწარეო საქმიანობის კონტროლის შესახებ" კანონი
  • "საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი"
  • "სახალხო დამცველის შესახებ" კანონი
  • "საჯარო სამსახურის შესახებ" კანონი
  • შრომის კოდექსი
  • "შშმპ-თა სოციალური დაცვის შესახებ" კანონი

აღსანიშნავია, რომ ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შემუშავებული ეს საკანონმდებლო ცვლილებების სრული პაკეტი, უახლოეს პერიოდში მთავრობის მიერ მისი მოწონების შემდეგ პარლამენტში გადაიგზავნება განსახილველად და ამოქმედების შემთხვევაში უმნიშვნელოვანეს ძვრებს გამოიწვევს შრომით ურთიერთობებში. "საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაცია" ბიზნეს სექტორის მიერ შეჯერებულ ერთიან პოზიციას წარუდგენს საჯარო სტრუქტურებს სამმხრივი სოციალური დიალოგის ფარგლებში დაგეგმილ შეხვედრაზე.

Comments
Loading...