ბექაური ტარიფების ზრდაზე: უარი თქვან გაძვირებაზე, დაასაბუთონ რასაც ზეპირად აცხადებენ

36

კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარე აცხადებს, რომ კომპანიების მიერ გაკეთებული დაუსაბუთებელი ზეპირი განცხადებები კომისიისთვის მისაღები და დამაჯერებელი არ არის. კახა ბექაური კიდევ ერთხელ მიმართავს კომპანიებს თუ მათ მართლაც სურთ სამუშაო რეჟიმზე გადასვლა, შეაჩერონ ტარიფების გაზრდის პროცესი და რეალური არგუმენტები საქმიან გარემოში გააცნონ კომისიას.

“მე მქონდა მათ წარმომადგენლებთან კომუნიკაცია, თუმცა შეხვედრა არ შემდგარა, ეს სატელეფონო კომუნიკაცია იყო. იცით, რომ კომისიამ მიმართლა ორივე კომპანიას უარი ეთქვათ ტარიფების გაძვირებაზე, ჯერ-ჯერობით დღევანდელი მოცემულობით და “სილქნეტის” განცხადებით იკვეთება, რომ ამ მიმართვის გათვალისწინება არ მომხდარა. ჩემთვის არ არის მისაღები არც ერთი ზეპირი და თუნდაც წერილობითი დაუსაბუთებელი განცხადებები, ზუსტად ეს მოვთხოვე ოპერატორებს, რომ უარი თქვან კონკრეტული თარიღებიდან გაძვირებაზე, გადმოვიდნენ სამუშაო რეჟიმში და დაასაბუთონ ის, რასაც ესე ზეპირად, დაუსაბუთებლად წერილობით ამბობენ”, – აცხადებს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარე.

მისივე განცხადებით, კომისიის მონაცემებით ბაზარზე ამის საჭიროება არ დგას და კომპანიების არგუმენტი, რომ დიდ ინვესტიციებს ახორციელებენ ტარიფის გაზრდის არგუმენტი ვერ იქნება.

“ჩემი მონაცემით არანაირი წინაპირობა არ არსებობდა ტარიფის გაზრდის საცალო ბაზარზე, მაგრამ თუ კი ასეთი არის, ან ჩვენ არ გვაქვს ინფორმაცია და დამატებით საჭირო არის ინფორმაციის მოწოდება, რომლითაც ისინი ასაბუთებენ რაღაცას, კი ბატონო, ჩვენ ამისთვის მზაობა განვაცხადეთ და ვთქვით, რომ მზად ვართ სამუშაო რეჟიმში გადავიდეთ, სადაც მოვისმენთ დასაბუთებებს, თუ რატომ ახდენენ ისინი საცალო ფასების ზრდას.

ღია ვართ ამისთვის, თუმცა იმის ნაცვლოდ, რომ ჩვენს შეთავაზებაზე თანხმობა ეთქვათ და გადმოსულიყვნენ სამუშაო რეჟიმზე, ჯერ-ჯერობით ისინი არ არიან ამ პროცესში და ისევ იმეორებენ, რომ კონკრეტულ თარიღში გაზრდიან ფასს. რადგან კომპანიები სამუშაო რეჟიმზე არ გადმოსულან კომისია მოქმედებს თავისი უფლებამოსილების ფარგლებში და იწყებს კვლევას, რომ დავადგინოთ ოპერატორებისთვის ზედა ზღვრული ტარიფები”,- აცხადებს კახა ბექაური.

Comments
Loading...