ბელარუსთან საჰაერო მიმოსვლა შეაჩერეს Air France-მა, Finnair-მა და Singapore Airlines-მაც

8

Air France-ი, Finnair-ი და Singapore Airlines-ი არიან იმ ავიაკომპანიებს შორის, რომლებმაც 25 მაისს შეაჩერეს ბელარუსის თავზე ფრენა, ერთი დღის შემდეგ, რაც ევროკავშირმა ბლოკის საავიაციო მრეწველობას მოუწოდა, თავი აარიდოს ბელარუსის საჰაერო სივრცეს და ბელარუსის ავიაკომპანიებს ევროკავშირის საჰაერო სივრცითა და აეროპორტებით სარგებლობა აუკრძალა.

23 მაისს ლუკაშენკოს რეჟიმმა, ბორტზე ასაფეთქებელი მოწყობილობის არსებობის შეტყობინების საბაბით და ავიაგამანადგურებლის თანხლებით, აიძულა მინსკის აეროპორტში დაშვებულიყო ირლანდიური ავიაკომპანია Ryanair-ის თვითმფრინავი, რომელიც ათენი-ვილნიუსის რეისს ასრულებდა. თვითმფრინავის დაჯდომის შემდეგ დააკავეს ლაინერში მყოფი ოპოზიციონერი ჟურნალისტი რამან პრატასევიჩი და მისი მეგობარი სოფია საპეგა. დასავლეთმა ეს ინციდენტი “სახელმწიფოს მიერ გატაცებად” და “სახელმწიფო მეკობრეობად” შეაფასა.

რამან პრატასევიჩი, რომელიც მინსკის აეროპორტში თვითმფრინავის იძულებით დაშვების შემდეგ დააკავეს, Telegram-ის პოპულარული ოპოზიციური არხის, Nexta-ს დამფუძნებელი და ყოფილი მთავარი რედაქტორია. მან ლუკაშენკოს რეჟიმის მხრიდან დევნის გამო ბელარუსი 2019 წელს დატოვა და პოლონეთს სთხოვა თავშესაფარი. პრატასევიჩს ბელარუსის კგბ ბრალს სდებს ექსტრემისტული ორგანიზაციის შექმნაში. ოპოზიციონერი ჟურნალისტი შეყვანილია იმ პირების სიაში, რომლებსაც, მინსკის მტკიცებით, კავშირი აქვთ ტერორისტულ საქმიანობასთან. როგორც იტყობინებიან, დამნაშავედ ცნობის შემთხვევაში ბელარუსში მას სიკვდილით დასჯა ემუქრება.

Comments
Loading...