ბახტაძე: მხარს ვუჭერ პოლიტიკას, რომელიც დედოლარიზაციისკენ და ჭარბვალიანობის შემცირებისკენაა მიმართული

33

პრემიერმინისტრის მამუკა ბახტაძის შეფასებით, ქვეყანაში ჭარბვალიანობის სისტემურ პრობლემაში გადასვლის რისკია. შესაბამისად, მისი თქმით, სესხის აღებასთან დაკავშირებით ცვლილებების განხორციელება სწორი ნაბიჯია, რომელიც პირველი ნოემბრიდან შევა ძალაში.

“ეს არის სწორი ნაბიჯი, ისევე როგორც სწორი ნაბიჯია ბევრ ქვეყანაში დედოლარიზაციის პროცესის დაჩქარება. ჩვენ უნდა გავხადოთ საქართველო ნაკლებად მოწყვლადი გარე ფაქტორების მიმართ. მე, რა თქმა უნდა, მხარს ვუჭერ იმ პოლიტიკას, რომელიც მიმართულია დედოლარიზაციისკენ და მიმართულია ჭარბვალიანობის შემცირებისკენ”, – აღნიშნა მამუკა ბახტაძემ.

მისი თქმით, ამ საკითხთან დაკავშირებით აქტიური კონსულტაციები მიმდინარეობს ეროვნულ ბანკსა და კერძო სექტორს შორის.

“ჩვენთვის მთავარია მივაღწიოთ მდგრად ზრდას საქართველოში, შესაბამისად, თუ ჩვენი ეკონომიკური მოდელი იქნება მყიფე გარე ფაქტორების მიმართ, ის ვერ იქნება მდგრადი. სამწუხაროდ, საქართველომ, თავისი ეკონომიკური ისტორიის განმავლობაში, არაერთხელ გამოსცადა, რამდენად მტკივნეულია გარე ფაქტორის შედეგად მიღებული ზიანი თითოეულ ჩვენს მოქალაქეზე. ამავე დროს, რა თქმა უნდა, საქართველოს მთავრობას გვმართებდა ამ რეგულაციების და ძალიან მტკივნეული პრობლემის გადაჭრაზე კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა გაცილებით ადრე”, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

Comments
Loading...