ბახტაძე: მცირე ბიზნესის შემოსავლები მესამე კვარტალში თითქმის 100%-ით გაიზარდა

42

პრემიერმინისტრის მამუკა ბახტაძის შეფასებით, მცირე მეწარმეებისთვის საგადასახადო რეჟიმის ამოქმედების შემდეგ, მცირე ბიზნესის შემოსავლები მესამე კვარტალში გაორმაგებულია და თითქმის 100%-ით გაიზარდა. როგორც მან მთავრობის სხდომაზე განაცხადა, ქვეყნის ეკონომიკის წარმატება სწორედ მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებაზე გადის.

“მოგეხსენებათ, რომ მიმდინარე წლის 1 ივლისიდან ჩვენ ავამოქმედეთ უპრეცედენტო საგადასახადი რეჟიმი მცირე მეწარმეებისთვის. ვგულისხმობ გადასახადების 5-ჯერ შემცირებას 1%-მდე. შესაბამისად, ჩვენ გვაქვს საშუალება შევაფასოთ მიმდინარე წლის მესამე კვარტლის შედეგი. მცირე ბიზნესის შემოსავლები მესამე კვარტალში გაორმაგებულია, ის თითქმის 100%-ით გაიზარდა.

მოგეხსენებათ, რომ ამის ერთ-ერთი ინიციატორი გახლდით მე, ფინანსთა მინისტრის პოსტზე და შედეგი მართლაც უნიკალურია. მინდა ობიექტურად გითხრათ, რომ იმაზე მეტია, ვიდრე ჩემს გათვლებსა და პროგნოზში მქონდა. ეს ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯია იმისთვის, რომ ჩვენ საქართველოში მივაღწიოთ ინკლუზიურ ზრდას.

საქართველოს წარმატება, ჩვენი ეკონომიკის წარმატება გადის სწორედ მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებაზე. შესაბამისად, ამ ციფრებმა კიდევ ერთხელ დაადასტურა ის, რომ ჩვენ ქვეყანაში გვჭირდება უფრო მეტი ინკლუზიური ზრდა. ჩვენ უნდა გავაგრძელოთ ყველა პროგრამა და შევქმნათ ახალი მექანიზმები იმისთვის, რომ მცირე და საშუალო ბიზნესის წილი კიდევ უფრო მეტად გავზარდოთ ჩვენს მთლიან შიდა პროდუქტში. ამასთან ერთად აქტიური მეწარმეების რაოდენობა 70 ათას მოქალაქეზე მეტია და გრძელდება აქტიურად რეგისტრაციის პროცესი”, – განაცხადა ბახტაძემ.

Comments
Loading...