ბაქო-თბილისი-ბაქოს საჰაერო ხაზზე ოპერირებას Buta Airways განახორციელებს

327

1 სექტემბრიდან, ბაქო-თბილისი-ბაქოს საჰაერო ხაზზე რეგულარული რეისების შესრულებას "აზერბაიჯანის ავიახაზების" ("AZAL") ნაცვლად, ამავე ავიაკომპანიის სტრუქტურის ქვეშ დაფუძნებული დაბალბიუჯეტიანი ავიაგადამზიდველი Buta Airways" იწყებს, – აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.

თავდაპირველად ავიაკომპანიების ჩანაცვლება 4 სიხშირეზე მოხდება, ხოლო 29 ოქტომბრიდან, ყველა რეისს აღნიშნულ მიმართულებაზე Buta Airways-ი  შეასრულებს.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში წარმოდგენილი განრიგის მიხედვით, ზამთრის სანავიგაციო სეზონიდან (29 ოქტომბერი – 24 მარტი) საქართველოსა და აზერბაიჯანის დედაქალაქებს შორის ავიამიმოსვლა გაზრდილი სიხშირით განხორციელდება.

ფრენები არსებული 10 სიხშირის ნაცვლად, კვირაში 14 სიხშირით (დღეში ორჯერ) Embraer E190 / E170 ტიპის საჰაერო ხომალდებით განხორციელდება.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ ფრენების განხორციელებისათვის აუცილებელი ნებართვა ავიაკომპანიას 9 აგვისტოს მიანიჭა.

"Buta Airways" წარმოადგენს ავიაკომპანია "აზერბაიჯანის ავიახაზების" (AZAL) სტრუქტურის ქვეშ შექმნილ ავიაკომპანიას, რომელიც დაფუძნებულია დაბალტარიფიან (Low Cost) მოდელზე და სამგზავრო საავიაციო მიმოსვლის დაწყებას 1 სექტემბრიდან გეგმავს.

Comments
Loading...