ბანკებში დეპოზიტების მოცულობა 457 მილიონით გაიზარდა

5

საქართველოს ეროვნული ბანკის ანგარიშის მიხედვით, საბანკო სექტორში განთავსებული არასაბანკო დეპოზიტების მოცულობამ 2021 წლის პირველი ოქტომბრისთვის 35.86 მლრდ ლარი შეადგინა, რაც 457.47 მლნ ლარით, ანუ 1.29%-ით მეტია პირველი სექტემბრისათვის არსებულ მაჩვენებელზე.

ანგარიშის თანახმად, სექტემბერში, წინა თვესთან შედარებით, ადგილი ჰქონდა ვადიანი დეპოზიტების შემცირებას 127.52 მლნ ლარით, ანუ 0.81%-ით, ხოლო მოთხოვნამდე დეპოზიტები 584.99 მლნ ლარით, ანუ 2.96%-ით გაიზარდა.

ცენტრალური ბანკის ცნობით, დეპოზიტების ლარიზაციის კოეფიციენტმა მიმდინარე წლის პირველი ოქტომბრისთვის 39.27 პროცენტი შეადგინა. პირველი სექტემბრის მდგომარეობასთან შედარებით, დეპოზიტების ლარიზაცია შემცირდა 0.63 პროცენტული პუნქტით.

ამასთან, სებ-ის მონაცემებით, სექტემბერში ვადიან დეპოზიტებზე საშუალო წლიურმა შეწონილმა საბაზრო საპროცენტო განაკვეთმა 6.54% შეადგინა, მათ შორის ეროვნული ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებზე 10.70%, ხოლო უცხოური ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებზე 0.89%.

უცხოური ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებში აშშ დოლარის წილმა 82.97%, ხოლო ევროს წილმა 15.64% შეადგინა.

Comments
Loading...