ბანკები არაპროფილური ბიზნესების მიტაცებას აგრძელებენ

29

ვრცელდება ინფორმაცია, რომ საქართველოს ბანკი რიგით მეოთხე სადაზღვევო კომპანიას  აფუძნებს და საჭირო ნებართვასაც იღებს. ამ საკითხზე, პარასკევს, 16 ნოემბერს სადაზღვევო კომპანიების ასოციაციის და დაზღვევის კავშირის საგანგებო სხდომაც გაიმართა, სადაც  აღნიშნული სიახლე ბანკების ექსპანსიური პოლიტიკის გაგრძელებად შეფასდა და პარლამენტის, ზედამხედველის და მთავრობის სახელზე მიმართვაც შემუშავდა. ამის შესახებ ინფორმაციას სადაზღვევო კომპანია “უნისონი” ავრცელებს.

დაზღვევის კავშირი, სადაც სადაზღვევო კომპანიები და დაზღვევის ბროკერები ერთიანდებიან, სადაზღვევო ბაზარზე კონკურენტული გარემოს გაუმჯობესების მიმართულებით აქტიურად მუშაობს და შესაბამის რეკომენდაციებსაც იძლევა. კავშირის თანადავმჯდომარე და სადაზღვევო კომპანია უნისონის გენერალური დირექტორი ვასილ ახრახაძე მიმდინარე ვითარებაზე გვესაუბრება.

ბატონო ვასილ, თქვენ ხშირად საუბრობთ ბანკების მიერ დაზღვევის სექტორისთვის შექმნილ პრობლემებზე. როგორ შეაფასებდით მიმდინარე სიახლეს?

ეს იმ ხაზის გაგრძელებაა, რასაც საბანკო სექტორის მტაცებლურ პოლიტიკას ეძახიან და რამაც უკვე 7 საბანკო სადამფუძნებლო ინტერესებით წარმოდგენილი სადაზღვევო კომპანია მოგვივლინა ბაზარზე.

დღევანდელი სიახლე პრობლემათა ჯაჭვის მხოლოდ ერთი რგოლია და დღის წესრიგში არც დადგებოდა სადაზღვევო ინდუსტრიის ჯანსაღ განვითარებას და სამომავლო გეგმებს მინიმალური ყურადღება რომ ეთმობოდეს.  კანონმდებლობაში დარჩენილია შავი ხვრელები, რომელთა მეშვეობითაც ბანკებს საშუალება ეძლევათ სადაზღვევო სექტორი საკუთარ სატელიტად აქციონ.

ნაცვლად საზოგადოებაში არსებული რისკების ეფექტური მართვისა და დარგის საინვესტიციო შესაძლებლობების ხელშეწყობისა ბანკები ინდუსტრიას საკუთრ ვიწრო ფინანსურ ინტერესებს არგებენ. შედეგიც სახეზე გვაქვს;  რეგიონში ყველაზე სუსტი დაზღვევის სექტორი საქართველოშია, რომელიც მშპში  წილით რამოდენიმეჯერ ჩამორჩება მეზობლებს, ხოლო სექტორის მოგების 85% საბანკო ჰოლდინგების ქვეშ არსებული სადაზღვევო კომპანიების მიერ უსამართლოდაა მითვისებულია. 

როგორ შეაფასებდით, არის სექტორში ამ კუთხით დადებითი ძვრები?

ბოლო პერიოდში, ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებიდან გამომდინარე სავალდებულო დაზღევის პროგრამების დანერგვა დაიწყო, რაც ცალსახად დადებითი მოვლენაა, თუმცა, სამწუხაროდ, ეს პროცესი ხარვეზებით წარიმართა, ხშირ შემთხვევებში ბანკების აქტიური ლობისტების ჩარევის წყალობით.

ისინი ხელში იგდებენ სტრატეგიულ არხებს და ემზადებიან ავტომფლობელთა პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის პროგრამისთვის, რომელიც დაახლოებით 200 მილიონიან დამატებით ბაზარს ნიშნავს. სულ ახლახანს, სწორედ ამ მიზნით,  ალდაგის შვილობილ კომპანიას ტექდათვალიერების ხაზების მესამედი ჩააბარა ეკონომიკის სამინისტრომ. რამდენიმე კვირის წინ კი, ყოველგვარი ტენდერის გარეშე თიბისი დაზღვევას უფლება მისცეს საქართველოს ფოსტა საკუთარ გაყიდვიდ ფილიალად აქციოს. ფაქტიურად, თავისუფალი მზღვეველებისთვის ბაზარზე ადგილი აღარ რჩება.

თქვენი აზრით, რატომ გადაწყვიტა საქართველოს ბანკმა ახალი სადაზღვევო კომპანიის დაარსება?

ვფიქრობ, დარგში შექმნილ ისედაც არაჯანსაღ გარემოში კატალიზატორის როლი ითამაშა უცხოური სანომრე ნიშნით მოძრავი ავტომობილების მფლობელთა პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის პროგრამებიდან შემოსავალის, სოციალისტური პრინციპით, თანაბრად გაყოფის წესმა, მოქმედ კვალიფიცირებულ და სტარტაპ სადაზღვევო კომპანიებს შორის. ამ სისტემამ ნაცვლად იმისა, რომ ცალკე მდგომი სადაზღვევო სექტორის მოთამაშეების განვითარებისთვის ხელი შეეწყო, ბანკებს მადა გაუხსნა. ისინი ერთმანეთის მიყოლებით აარსებენ სადაზღვევო კომპანიებს, ხოლო დაზღვევის ლიცენზიისთვის საჭირო მინიმალურ კაპიტალს საკუთარ ანგარიშზევე ათავსებენ. ამ ხერხით ბანკი ერთიდაიგივე კაპიტალს იყენებს ორი დანიშნულებით და სხვა ბიზნეს სუბიქტებისგან განსხვავებით შეუძლია არაერთი სადაზღევო კომპანია მიზერული ხარჯით დაარსოს.

შედეგად ვიღებთ ბანკების გაზრდილი ექსპანსიას სადაზღვევო სექტორში და სოკოებივით ამოსულ ბანკების მფლობელობაში არსებული სადაზღვევო კომპანიებს. დღეს უკვე ასეთი 7 საბანკო/სადაზღვევო კომპანიაა, მომდევნო წელს კიდევ რამდენიმეს ველოდებით.

საქართველოს ბანკი ამ მახინჯ პროცესში ერთერთი „წარმატებული“ ლიდერია. მასთან აფილირებული კომპანიები უკვე იღებენ სამმაგ წილს მსგავსი პროგრამებიდან და ახლა მათ მეოთხეც დაემატება. ეს კი მილიონობით ლარ იოლ ფულს ნიშნავს.

ნაცვლად იმისა, რომ მსგავსი პროგრამები დაზღვევის სექტორის განვითარებას უწყობდეს ხელს, ბანკების ისედაც კოლოსალურ მოგებას კიდევ უფრო ზრდის, ხოლო დაზღვევის სექტორს კი შეუქცევადად აზიანებს. უკვე 10 წელზე მეტია დარგი უცხოელი პროფილური ინვესტორებისთვის არამიმზიდველია, მსგავსად საბანკო სექტორისა, საიდანაც გააქციეს პროფილური ბრენდები HSBC, SOSIETE GENERALE და სხვა რათა მშვიდად  განეგრძოთ მევახშეობა.

ამ დროს მსოფლიოს განვითარებულ ფინანსურ ბაზარზე, არა ბანკები არამედ, სწორედ სადაზღვევო კომპანიები, მათი რეზერვებიდან გამომდინარე, წარმოადგენენ ერთ-ერთ ძირითად ინსტიტუციურ ინვესტორებს. ამ დროს კი საქართველოს საფონდო ბირჟაზე მოქმედ კომპანიებში არცერთი სადაზღევო კომპანია წარმოდგენილი არაა, ვინაიდან დღევანდელი ეკონომიკური მოდელის დროს ზარალზე გასული და კომერციული ბანკების მიერ მიტაცებული შემოსავლების პირობებში ისპობა რეზერვების და ინვესტირების საშუალებაც. ჩვენ ამ ფაქტორების გაანალიზებას და გაზიარებას ვითხოვთ სახელისუფლებო ეკონომიკური გუნდის მხრიდან.

თქვენ ხშირად აფიქსირებთ, რომ ილახება მომხმარებლის უფლებები. კონკრეტულად რას გულისხმობთ?

აქტიურად და ადვილად ხდება ბანკის კლიენტების მონაცემთა ბაზების, კომერციული თუ პერსონალური და კონფიდენციალური ინფორმაციის გადაცემა მათთან აფილირებულ სადაზღევო კომპანიებისთვის გაყიდვების პროცესში გამოსაყენებლად და პირიქით. ანუ ასეთ ჰოლდინგებს პრაქტიკულად მომხმარებელთა ერთი ბაზა აქვთ. საქმე იქამდეც კი მივიდა, ჩვენს დაზღვეულებს უკავშირდებიან ასეთი ტიპის სადაზღვევოს წარმომადგენლები და პირდაპირ უსახელებენ, რამდენს იხდიდა კლიენტი დაზღვევის პრემიას სხვაგან და თვითონ რომ უკეთესი შეთავაზების გაკეთება შეუძლიათ.

ასევე მომხმარებელს სესხის აღებისას ავალდებულებენ დაზღვევის შეძენას მხოლოდ საკუთრ მფლობელობაში არსებული სადაზღვევო კომპანიისგან არაკონკურენტული პირობებით. გახშირდა მსხვილ კორპორატიულ კლიენტებზე სასესხო ვალდებულებით ზეწოლის ფაქტები და მოთხოვნა, დაეზღვნენ კონკრეტულ სადაზღვევო კომპანიებში.

რა მიგაჩნიათ გამოსავლად ?

დიდი ხანია ვაყენებთ საკითხს, მოხდეს სრული გამიჯვნა საბანკო და სადაზღვევო სექტორის. შეეზღუდოთ ბანკებს სადაზღვევო კომპანიებში პირდაპირ ან არაპირდაპირ ინვესტირების შესაძლებლობა, მსგავსად, როგორც ეს მოხდა სხვა ბიზნესის სექტორებში. ამასთან, მოეთხოვოთ მათ საკუთარი საკრედიტო უზრუნველყოფების დაზღვევის პორთფელის არანაკლებ სამ სადაზღევო კომპანიაში განთავსება, მსგავსად სადაზღვევო კომპანიების რეგულაციისა. ეს აუცილებელია რისკების  მინიმიზაციის მიზნით  და ბაზრის დივერსიფიცირებისათვის. აღნიშნულმა ხელი უნდა შეუწყოს ხელოვნურად მონოპოლიზირებული ბაზრის დივერსიფიცირებას და დღეის მდგომარეობით დაშანტაჟებული მომხმარებლისთვის თავისუფალი არჩევანის უფლების დაბრუნებას.

თუმცა, ჯერჯერობით, ცვლილებების ნაცვლად, სექტორში მდგომარეობა კიდევ უფრო უარესდება. პრობლემეზე არ რეაგირებს არც ერთი კომპეტენტური უწყება.  ეს ფაქტიურად მწვანე შუქია კომერციული ბანკებისთვის.

სასწრაფო მოქმედებაა საჭირო საკანონმდებლო ინიციატივების და დაზღვევის ზედამხედველის რეფორმირების კუთხით, მისი რეგლამენტის, კრიტრიუმების დახვეწის და რეგულატორამდე მისი სტატუსის ამაღლების მიმართულებით. ზედამხედველმა სექტორისთვის ეფექტური მხარდაჭერის გაწევა უნდა შეძლოს. მითუმეტეს, სადაზღვევო კომპანიებიდან მიღებული გასამმაგებული დაფინანსების პირობებში.

ბოლოს მინდა ავღნიშნო, რომ სადაზღვევო სექტორი, ადგილობრივ და საერთაშორისო ექსპერტთა მხარდაჭერით, დიდი ხანია მზადაა მთავრობასთან და პარლამენტთან დიალოგისთვის. პოზიტიური ცვლილებების მისაღწევად მხოლოდ კეთილი ნებაა საჭირო.

Comments
Loading...