ბათუმში ორდღიანი სამეწარმეო მარკეტი გაიმართება

171

18-19 აგვისტოს, 15:00-დან 23:00 საათამდე, სააგენტოს "აწარმოე საქართველოში" ორგანიზებით და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მხარდაჭერით, ორდღიანი სამეწარმეო მარკეტი გაიმართება ბათუმში, ერას მოედანზე. ამის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.

ღონისძიება, რომელშიც 70-ზე მეტი მეწარმე მიიღებს მონაწილეობას, იქნება გამორჩეული მისი მრავალფეროვნებით. სწორედ გამორჩეული და ერთმანეთისგან განსხვავებული მეწარმეების ერთობლიობა შექმნის საინტერესო და უნიკალურ სავაჭრო სივრცეს, როგორც ადგილობრივი სტუმრებისთვის, ასევე ტურისტებისთვის.

გამოფენა-გაყიდვაზე, წარმოდგენილი იქნება საქართველოში დამზადებული პროდუქციის მრავალი სახეობა – ტექსტილი, აქსესუარები, საკონდიტრო ნაწარმი, სასურსათო პროდუქცია, ალკოჰოლური სასმელები, ჩაი, ჩირი, სახლის დეკორი და სხვა. ამასთანავე, გამოფენა-გაყიდვაზე სტუმრებს დახვდებათ: კვების ავტობუსები, საბავშვო და მცენარეების ზონა.

ღონისძიებაზე მოეწყობა სხვადასხვა პროდუქციის დეგუსტაცია, სადაც თითოეულ ვიზიტორს შესაძლებლობა ექნება ადგილზე გაეცნოს და დააგემოვნოს ქართული ნაწარმი და სამომავლო თანამშრომლობის კუთხით მნიშვნელოვანი კავშირები დაამყაროს ადგილობრივ მწარმოებლებთან.

Comments
Loading...