ბათუმის საზღვაო ნავსადგურში მულტიმოდალური გადატვირთვის ტერმინალი გაიხსნება

67

შპს “ბათუმის საერთაშორისო საკონტეინერო ტერმინალისა” და შპს “მედლოგ ჯორჯიას” ერთობლივი ძალისხმევით 2 ჰექტარ ტერიტორიაზე მოეწყო სასაწყობე ინფრასტრუქტურა და 3000 კვ.მ. დახურული თანამედროვე საბაჟო საწყობი. ამის შესახებ შესაბამისს ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.

“ბათუმის საერთაშორისო საკონტეინერო ტერმინალის“ მიერ ბათუმის საზღვაო ნავსადგურში ახალი მულტიმოდალური საკონტეინერო გადატვირთვის ტერმინალი და შესაბამისი ინფრასტრუქტურა მოეწყო. მათ შორის, წარმატებით განხორციელდა ნავსადგურის აკვატორიასა და ფორვარტერში ფსკერდამაღრმავებელი სამუშაოები, რის შედეგადაც ბათუმის საერთაშორისო საკონტეინერო ტერმინალის ნავმისადგომებზე უკვე შესაძლებელია FEEDERMAX ტიპის საკონტეინერო გემების მიღება 11მ წყალშიგით.

ეს გარემოება მნიშვნელოვნად ზრდის საოპერაციო შესაძლებლობებს და უზრუნველყოფს მომსახურების კონკურენტუნარიანობას, რაც გავლენას ახდენს არა მარტო საკონტეინერო ტერმინალის, არამედ მთლიანად ნავსადგურის სატრანსპორტო მნიშვნელობაზე;

ასევე მოპირკეთდა 1ჰა დატვირთული კონტეინერების სასაწყობე ტერიტორია; მომზადდა და გამოიყო 1ჰა პარკირების ადგილი საბორნე გადაზიდვებთან დაკავშირებული სატვირთო მანქანებისა და მძიმე ტექნიკისათვის; დამატებით 1,7ჰა ტერიტორიაზე მოეწყო ცარიელი კონტეინერების შენახვისა და დასაწყობების ადგილი; მოეწყო 180მ სარკინიგზო ჩიხი და სატვირთო ავტომანქანების პარკინგი 3.2ჰა ტერიტორიაზე. გამარტივდა ტვირთების მოძრაობა და გაიზარდა როგორც საბორნე ხიდის, ასევე მთლიანად საკონტეინერო ტერმინალის გამტარიანობა.

ჩამოთვლილი ინფრასტრუქტურული პროექტების რეალიზება საკონტეინერო ტერმინალის გამტარუნარიანობას 100%-ით ზრდის (100,000TEU-დან 200,000TEU-მდე) და მნიშვნელოვნად აუმჯობესებს არამარტო საკონტეინერო ტერმინალის, ასევე ნავსადგურის საქმიანობის ეფექტურობისა და მომსახურების ხარისხს, რაც რეგიონის ეკონომიკას კიდევ უფრო გააძლიერებს და განავითარებს.

ამასთან, აჭარის ადგილობრივი ბიუჯეტის მიერ დაფინანსებული საავტომობილო ხიდის გახსნამ შესაძლებლობა მისცა შპს “ბათუმის საერთაშორისო საკონტეინერო ტერმინალს” გაეკეთებინა 280მ სიგრძის შიდა ბეტონის გზა ახალი შესასვლელით საკონტეინერო გადაზიდვებისათვის, რაც საშუალებას იძლევა განცალკევდეს საკონტეინერო და საბორნე-სახმელეთო გადაზიდვები და განიტვირთოს ნავსადგურის მთავარი შესასვლელი.

Comments
Loading...