ახალი ქიმიური ანალიზის ლაბორატორია „არემჯიში“

7

არემჯის ახალი, თანამედროვე ტექნიკა-დანადგარებით აღჭურვილი ქიმიური ანალიზის ლაბორატორია, არემჯის აღმასრულებელმა დირექტორმა თორნიკე ლიპარტიამ კომპანიის სხვა მენეჯერებთან ერთად საზეიმოდ გახსნა.

ქიმიური ანალიზის ლაბორატორიისთვის აშენდა ახალი, თანამედროვე დანადგარებით აღჭურვილი შენობა, რომელშიც დაცულია შრომის უსაფრთხოების ყველა საერთაშორისო სტანდარტი. საქმიანობის სპეციფიკიდან გამომდინარე, სპეციალურად  ლაბორატორიისთვის დაპროექტდა ერთ სართულიანი  შენობა, რაც ხელს უწყობს ლაბორატორიის 24/7-ზე ეფექტურ ფუნქციონირებას და მართვას.

,,ქიმიური ანალიზის ლაბორატორია, კომპანიისათვის, მნიშვნელოვან სტრუქტურულ ერთეულს წარმოადგენს. ყოველდღიურად, ამ ლაბორატორიაში, სხვადასხვა ტექნოლოგიური პროცესიდან აღებული 500-ზე მეტი სინჯის ანალიზი ხდება. მიღებული შედეგები ეგზავნებათ შესაბამის სამსახურებს, რომლებიც გადაწყვეტილებებს სწორედ ამ ანალიზის შედეგებზე დაყრდნობით იღებენ.’’ – აღნიშნა „არემჯის“  ხარისხის კონტროლის სამსახურის უფროსმა დავით კუპრავამ.

ლაბორატორია აღჭურვილია მაღალი ხარისხის სპექტრომეტრებითა და სინჯარული ანალიზის ჩასატარებლად აუცილებელი სხვადასხვა  თანამედროვე  აპარატურით. ლაბორატორიაში მოწყობილია  7 თემატური კაბინეტი, რომელშიც ყოველდღიურად ხდება სინჯების მიღება, კლასიფიკაცია, მათი დამუშავება, ელექტრონული რეგისტრაცია, აღრიცხვა და ანალიზის შედეგების გადაგზავნა შესაბამის სამსახურებში.

,,მოხდა ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი რგოლის, ქიმიური ლაბორატორიის განახლება. აღნიშნული პროექტი, ერთი მხრივ, დასაქმებულებისთვის სამუშაო პირობების გაუმჯობესებას, ხოლო მეორე მხრივ, ჩვენს საწარმოებში თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვას ითვალისწინებს.‘’ – განაცხადა „არემჯის“ კორპორაციულმა დირექტორმა კახაბერ მჭედლიშვილმა.

ქიმიური ანალიზის ლაბორატორია, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პროექტია, რომელიც „არემჯიმ“, ტექნოლოგიური გადაიარაღებისა და მოდერნიზაციის პროგრამის ფარგლებში, 2021 წელს განახორციელა.

Comments
Loading...