ახალი კვლევა: “ასტრაზენეკას” ერთი დოზა კოვიდ-19-ით სიკვდილის რისკს 80%-ით ამცირებს, “ფაიზერის” კი – 97%-ით

16

AstraZeneca/Oxford ვაქცინის ერთი დოზა 80 პროცენტით ამცირებს ადამიანის სიკვდილის რისკს კოვიდ-19-სგან – ეს მაჩვენებელი 97 პროცენტამდე იზრდება Pfizer-ის ორი დოზის გაკეთების შემდეგ, აჩვენებს ახალი ანალიზი. ამის შესახებ Independent-ი წერს.

ინგლისის ჯანდაცვის დეპარტამენტის ბოლო ცნობები კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს გაერთიანებული სამეფოს ორი მთავარი ვაქცინის ეფექტურობას კორონავირუსისგან დასაცავად. დადგენილია, რომ ვაქცინაციის დაწყების შემდეგ გადარჩენილია მინიმუმ 10,000 ადამიანი.

PHE-სგან (ინგლისის ჯანდაცვის დეპარტამენტი) დამოუკიდებლად ჩატარებული ანალიზი ასევე ადასტურებს, რომ AstraZeneca ან Pfizer ვაქცინის ერთჯერადი დოზა ძალიან ეფექტურია ჰოსპიტალიზაციის რისკის შესამცირებლად, განსაკუთრებით 80 წელს გადაცილებული ადამიანებისთვის.

ჯანდაცვის მინისტრმა მეტ ჰენკოკმა განაცხადა, რომ PHE-ს შედეგები საშუალებას მისცემს ხალხს, “შვებით ამოისუნთქონ იმის ცოდნით, რომ ვაქცინაციის შემდეგ სერიოზულად ავადობის, ან ვირუსით საავადმყოფოში მოხვედრის რისკები საგრძნობლად მცირდება.”

ეს კვლევა მას შემდეგ ჩატარდა, რაც მთავრობამ დაადასტურა, რომ ინგლისში მოიხსნება შეზღუდვები და ხალხს საშუალება ექნება, ისადილოს რესტორნებში, გაემგზავროს შვებულებაში საზღვარგარეთ და ახლობლებს ჩაეხუტოს შემდეგი კვირის ორშაბათიდან.

ვაქცინირებულ ადამიანებში კოვიდით სიკვდილის რისკის დადგენისას, PHE-მ შეისწავლა ახალი სიმპტომატური PCR- დადებითი შემთხვევები დეკემბრიდან აპრილამდე, მათთან ერთად, ასევე ვინც დაიღუპა დადებითი ტესტიდან 28 დღის განმავლობაში და შეადარა ისინი ვაქცინაციის სტატუსის მიხედვით.

შედეგებმა აჩვენა, რომ კოვიდ-19 პაციენტებს, რომლებმაც მიიღეს ერთჯერადი დოზა Pfizer-ის ან AstraZeneca-ს ვაქცინა, ჰქონდათ უფრო მაღალი დაცვა სიკვდილიანობისგან – 44% და 55%, რაც უფრო მაღალია, ვიდრე მათი, ვისაც არ მიუღია ვაქცინის არცერთი დოზა.

AstraZeneca-ს ვაქცინა ყველაზე ფართოდ გამოიყენება დიდ ბრიტანეთში, დღეისათვის 27 მილიონზე მეტი დოზაა გაკეთებული.

PHE-ს თანახმად, მონაცემები აჩვენებს, რომ Pfizer-ის სიკვდილიანობისგან დაცვა კიდევ უფრო მეტია – დაახლოებით 69 პროცენტი – იმ ადამიანებისთვის, ვისაც მეორე ინექცია ვირუსის დადასტურებამდე მინიმუმ შვიდი დღით ადრე ჰქონდა გაკეთებული.

ვირუსისგან სავარაუდო დაცვასთან ერთად, Pfizer ვაქცინა ითვალისწინებს 97 პროცენტიან დაცვას სიკვდილისგან ადამიანებში, რომლებსაც ორივე დოზა აქვს გაკეთებული, აცხადებს PHE.

PHE-ს მეორე ანგარიშის თანახმად, AstraZeneca-ს ვაქცინის ერთჯერადი დოზა იყო 73 პროცენტით ეფექტური 80 წელზე უფროსი ასაკის ადამიანებში ჰოსპიტალიზაციის თავიდან ასაცილებლად. Pfizer-ის ორი დოზით კი ეს მაჩვენებელი 93 პროცენტამდე იზრდება.

AstraZeneca-ს ორი დოზის სრული გავლენის შესახებ ჯერ კიდევ არასაკმარისი მონაცემები არსებობს, რადგან ვაქცინა დაინერგა Pfizer-ის მიღებიდან ერთი თვის შემდეგ.

ვაქცინების მიერ მაღალი დაცვა, როგორც PHE აღნიშნავს, დამახასიათებელია კორონავირუსის ვარიანტისთვის, რომელიც გასულ წელს კენტში აღმოაჩინეს.

კვლევა მიმდინარეობს იმის დასადგენად, თუ როგორ მუშაობს ვაქცინები მიმოქცევაში არსებული სხვა ვარიანტების საწინააღმდეგოდ, თუმცა მეცნიერები თვლიან, რომ ისინი კვლავ ეფექტური იქნება.

Comments
Loading...