“ახალი აბრეშუმის გზის ინიციატივების გაძლიერების შესახებ” მემორანდუმი გაფორმდა

510

საქართველოს მთავრობასა და “CEFC China Energy Company Limited”-ს შორის ხელი მოეწერა ურთიერთგაგების მემორანდუმს “ახალი აბრეშუმის გზის ინიციატივების გაძლიერების შესახებ”. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.

დოკუმენტს ხელი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი გახარიამ და CEFC China Energy Company Limited-ის აღმასრულებელმა დირექტორმა ჟიანჟუნ ჟანგიმ მოაწერეს. ხელმოწერის ცერემონიას მთავრობის ადმინისტრაციაში საქართველოს პრემიერმინისტრი გიორგი კვირიკაშვილი დაესწრო.

მემორანდუმი პროექტ “ერთი სარტყელი, ერთი გზა”-ს ფარგლებში, რომელიც ინიცირებულია ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მიერ და მიმართულია აბრეშუმის გზის პროექტის ფარგლებში კონკურენტუნარიანი მარშრუტის ერთობლივად განვითარებისკენ გაფორმდა. მემორანდუმის მიზანია ერთობლივი ინიციატივების განხორციელებით ახალი აბრეშუმის გზის პოტენციალის რეალიზაციის ხელშეწყობა, რომლის ფარგლებშიც უმსხვილესი კორპორაცია “CEFC China Energy Company Limited”-ის მიერ შპს “ფოთის თავისუფალი ინდუსტრიული ზონის” 75%-იანი წილის შეძენა განიხილება.

“ეს არის მრავალმიმართულებიანი შეთანხმება. კონკრეტულად ამ მემორანდუმის თემა გახლავთ კომპანია ‘’CEFC China Energy Company Limited”-ის “ფოთის თავისუფალი ინდუსტრიული ზონის” 75 %-იან წილში შემოსვლა. რაც, ფაქტობრივად ნიშნავს იმას, რომ ეს ინდუსტრიული ზონა “აბრეშუმის გზის” ნაწილი გახდება. გარდა იმისა, რომ ამ ინდუსტრიულ ზონაში განვითარდება თავისუფალი ინდუსტრიული ზონის საუკეთესო ტექნოლოგიები. ჩვენ ყველამ კარგად ვიცით, რომ ჩინეთში ეს ძალზედ განვითარებული ბიზნესია. ფაქტობრივად, ჩინური ეკონომიკა დგას თავისუფალი ინდუსტრიული ზონების სტრუქტურებზე. ასევე, ჩვენთვის ამას, უბრალოდ, ინფრასტრუქტურული მნიშვნელობა აქვს”, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

“CEFC China Energy Company Limited”-ი წამყვანი საერთაშორისო კომპანიაა ენერგეტიკის, საფინანსო, კომერციულ, სავაჭრო და ლოგისტიკის სფეროებში. შემოსავლების მიხედვით, იგი მსოფლიოს უმსხვილესი კორპორაციების ხუთასეულში შედის. კომპანია ფოთის თავისუფალი ინდუსტრიული ზონის შემდგომ განვითარებას – ჩინეთის განვითარებული ინდუსტრიული ზონების საუკეთესო პრაქტიკის გაზიარებით და გადამამუშავებელი წარმოების, თანამედროვე ტექნოლოგიების, სასაწყობე მეურნეობისა და ლოგისტიკის განვითარებისთვის საჭირო ინვესტიციების მოზიდვით გეგმავს.

“ჩვენ ვთვლით, რომ ეს არის პირველი გადადგმული ნაბიჯი “აბრეშუმის გზის” და “ერთი სარტყელი ერთი გზის” პროექტის მეშვეობით. ყველაზე მსხვილი ჩინური ინვესტიციები ამ რეგიონში საქართველოში უნდა იყოს წარმოდგენილი. ეს უნდა იყოს ის ინფრასტრუქტურა, რომლის საშუალებითაც ჩვენ შევძლებთ უკვე სხვა ჩინური კომპანიების აქ მოზიდვას,-‘’განაცხადა გიორგი გახარიამ.

გამოცდილებიდან, საქმიანობიდან და შესაძლებლობებიდან გამომდინარე, კომპანია “CEFC China Energy Company Limited”-ს შეუძლია მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანოს არამხოლოდ ფოთის თავისუფალი ინდუსტრიული ზონის განვითარებაში, არამედ საქართველოს, როგორც სატრანსპორტო და ლოგისტიკური ჰაბის გაძლიერებაში.

“ეს არის პირველი ნაბიჯი, თუმცა არა ერთადერთი. ამას მოყვება ინვესტიციები ტურისტული, ინდუსტრიული და, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ლოგისტიკის მიმართულებით. ჩვენ ვთვლით, რომ უმსხვილეს ჩინურ კომპანიასთან გაფორმებული მემორანდუმი გვაძლევს საშუალებას მივიჩნიოთ, რომ ჩინეთი ეკონომიკური პარტნიორობის თვალსაზრისით, ყველაზე მეტად ამ რეგიონში, სწორედ საქართველოში უნდა იყოს წარმოდგენილი. საქართველომ კიდევ დამატებითი ფუნქცია უნდა შეიძინოს ლოგისტიკური მიმართულებით. რადგან “აბრეშუმის გზის” ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილი უნდა გახდეს და ეს მართლაც ხელს შეუწყობს, როგორც ადგილობრივი ბიზნესის, ისე რეგიონულ ჭრილში ქვეყნის განვითარებას”, – განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.

მემორანდუმის თანახმად, მხარეები მიზნად ისახავენ, აწარმოონ განხილვები და მოლაპარაკებები, თანასწორობის, ნაცვალგების და კეთილი ნების პრინციპებზე დაყრდნობით “ფოთის თიზ”-ში გამჭვირვალე ბიზნეს საქმიანობის ხელშეწყობის მიზნით ერთობლივი თანამშრომლობისთვის ინფორმაციის ურთიერთგაცვლის და საწყისი პრინციპების გამოკვეთის გზით.

Comments
Loading...