აჭარის განათლებისა და კულტურის მინისტრის მოადგილე ნათია სირაბიძე ECP-ის წევრად წარადგინეს

588

ევროპის კულტურის პარლამენტის (ECP) წევრობაზე აჭარის განათლების, კულტურის და სპორტის მინისტრის მოადგილე ნათია სირაბიძე წარადგინეს. ევროპის კულტურის პარლამენტის წევრები სირაბიძის კანდიდატურას 2017 წლის იანვარში უყრიან კენჭს.

პარლამენტი წარმოადგენს პლატფორმას ევროპელებისთვის ხელოვნების, კულტურისა და ევროპული თანამშრომლობის შესახებ დიალოგის, დისკუსიისა და დებატების საწარმოებლად. იგი 2001 წელს ევროპის საბჭოს შენობაში, სტრასბურგში დაარსდა და მის მთავარ მიზანს წარმოადგენს აღმოსავლეთ და დასავლეთ ევროპის ქვეყნების დაკავშირება და კულტურის სფეროში იდეებისა და ინიციატივების ხელშეწყობა. ორგანიზაციაში გაერთიანებულია 160 წევრი ევროპის 43 ქვეყნიდან. მათ შორის საქართველოდან სამი ქართველი დელეგატია. წელს ევროპის კულტურის პარლამენტის გასვლითი სხდომა ბათუმში გაიმართა. პარლამენტარების წინაშე ნათია სირაბიძემ კულტურის პოლიტიკაზე, სტრატეგიასა და ახალ ინიციატივებზე ისაუბრა, რის შემდეგაც მოხდა მისი კანდიდატურის დასახელება.
ნათია სირაბიძე არის ბიზნეს ადმინისტრირების დოქტორანტი (BSU), მასობრივი კომუნიკაციის მაგისტრი (UCF, აშშ) დაჟურნალისტიკისა და მედია მენეჯმენტის მაგისტრი (GIPA). აქვს საზოგადოებასთან ურთიერთობის მიმართულებით ხელმძღვანელ თანამდებობებზე მუშაობის 8-წლიანი და მედია საშუალებებში მუშაობის 10-წლიანი გამოცდილება. კითხულობდა ლექციებს სხვადასხვა უნივერსიტეტში ამერიკასა და საქართველოში. არის საგანმანათლებლო სატელევიზიო გადაცემების, სამეცნიერო ნაშრომებისა და წიგნის ავტორი; გავლილი აქვს პროფესიული ტრენინგები ამერიკის, ევროპისა და აზიის ქვეყნებში. არის საერთაშორისო ჟურნალისტთა ასოციაციის წევრი და სან დიეგოს(კალიფორნია) საპატიო მოქალაქე.

Comments
Loading...