აჭარის ა.რ მთავრობის დელეგაცია ყაზახეთში საინვესტიციო ფორუმ Visit Ajara /Invest in Ajara-ს სტუმრობს

541

27 თებერვალს, აჭარის ა.რ მთავრობის დელეგაციის ყაზახეთის რესპუბლიკაში ვიზიტის ფარგლებში, საინვესტიციო ფორუმი Visit Ajara /Invest in Ajara გაიხსნა. ფორუმზე სტუმრებს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე მიესალმა და რეგიონულ ჭრილში ყაზახეთთან თანამშრომლობის გაღრმავების მნიშვნელობაზე ისაუბრა.

საინვესტიციო ფორუმზე პრეზენტაციებით წარსდგნენ აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრი, ასევე აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს და აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის წარმომადგენლები. ფორუმში მონაწილეობას აჭარაში მოქმედი დეველოპერული, სამშენებლო და ტურისტული კომპანიების წარმომადგენლებიც ღებულობდნენ, რომლებმაც რეგიონის საინვესტიციო და ტურისტული პოტენციალი თავიანთ ყაზახ კოლეგებს გააცნეს და B2B შეხვედრების ფორმატში მომავალი თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა საქართველოში, ისევე როგორც მთელი შავი ზღვის რეგიონში ერთ-ერთი გამორჩეული ტურისტული დანიშნულების ადგილია. რეგიონს ყოველწლიურად მილიონზე მეტი ტურისტი ჰყავს და ეს სტატისტიკა მუდმივად მზარდია. აჭარის ზღვისპირეთის მდიდარი საკურორტო ადგილები განსაკუთრებით პოპულარულია ზღვაზე დასვენების მოყვარულთათვის, თუმცა ბოლო წლებია დიდი ინტერესი შეინიშნება ეკოტურიზმით, სათაგადასავლო ტურიზმითა და მაის ტურიზმით დაინტერესებული ვიზიტორებისაგან. აჭარის რეგიონი ცნობილია მსოფლიო ბრენდის მაღალი კლასის სასტუმროებითა და კოლორიტული ადგილებით, ასევე სამთო-სათხილამურო კურორტების პოტენციალით. ტურისტული სეზონი აქ წელიწადის ოთხივე სეზონზე გრძელდება.

აჭარის მთავრობის დელეგაციის ვიზიტი სწორედ ტურისტული პოტენციალისა და მიმზიდველი საინვესტიციო გარემოს წარმოჩენას ემსახურებოდა. საპრეზენტაციო ნაწილის შემდეგ საღამოზე მოწვეულ სტუმრებს შესაძლებლობა მიეცათ გაცნობოდნენ იუნესკოს მფრაველობის ქვეშ მყოფ ქართულ პოლიფონიურ სიმღერებს, ეხილათ ცეცხლოვანი ქართული ცეკვები და დაეგემოვნებინათ უგემრიელესი აჭარული კერძები.

აჭარის სამთავრობო დელეგაციის ვიზიტი ყაზახეთის რესპუბლიკაში 1 მარტამდე გაგრძელდება.

Comments
Loading...