აშშ-მა რომან აბრამოვიჩის წინააღმდეგ შესაძლოა სანქციები დააწესოს

8

შეერთებულმა შტატებმა შესაძლოა მილიარდერი რომან აბრამოვიჩის წინააღმდეგ სანქციები დააწესოს. Bloomberg-ის ცნობით, თეთრი სახლის მრჩევლებმა გააძლიერეს ზეწოლა აშშ-ს ადმინისტრაციაზე, რადგან ბიზნესმენის მონაწილეობამ მოსკოვსა და კიევს შორის მოლაპარაკებებში თვალსაჩინო შედეგი არ გამოიღო. ევროკავშირმა და დიდმა ბრიტანეთმა აბრამოვიჩის წინააღმდეგ სანქციები უკვე დააწესეს.

თეთრი სახლის უფროსმა მრჩევლებმა გააძლიერეს ზეწოლა აშშ-ს ხელმძღვანელობაზე და მოითხოვეს სანქციების დაწესება მილიარდერი რომან აბრამოვიჩის წინააღმდეგ, რადგან მისმა მონაწილეობამ სამშვიდობო მოლაპარაკებებში რუსეთსა და უკრაინას შორის თვალსაჩინო შედეგი არ გამოიღო. ამის შესახებ Bloomberg წყაროებზე დაყრდნობით წერს.

კიევში ცოტა ხნის წინ ვიზიტისას, ბიზნესმენი უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელს, ანდრეი ერმაკს შეხვდა, თუმცა მოლაპარაკებები წარუმატებელი აღმოჩნდა, წერს სააგენტო. აბრამოვიჩის წარმომადგენელმა მანამდე უარყო ინფორმაცია ბიზნესმენის უკრაინის დედაქალაქში მოგზაურობის შესახებ. “უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი სულ უფრო პესიმისტურად არის განწყობილი მოსკოვთან სამშვიდობო მოლაპარაკებების მიმართ ბუჩასა და მარიუპოლში განვითარებული მოვლენების ფონზე”, – განაცხადა Bloomberg-ის ორმა წყარომ.

“უკრაინაში რუსეთის შეჭრის დღეს, აბრამოვიჩმა მიიღო ზელენსკის შუამავლობით შეთავაზება, მონაწილეობა მიეღო მოლაპარაკებებში კონფლიქტის დასრულების მიზნით”, – თქვა სააგენტოს სამმა წყარომ. სანაცვლოდ, მილიარდერმა უკრაინის პრეზიდენტს სთხოვა, დაერწმუნებინა დასავლელი ლიდერები, არ დაეწესებინათ მისთვის სანქციები.

ადმინისტრაციის ზოგიერთი წევრის უკმაყოფილების მიუხედავად, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა დააკმაყოფილა ზელენსკის მოთხოვნა და აბრამოვიჩის წინააღმდეგ სანქციები არ დააწესა, წერს Bloomberg. The Wall Street Journal-ის ცნობით, ზელენსკიმ მარტში სატელეფონო საუბრისას ბაიდენს მოუწოდა, არ დაეწესებინა შეზღუდვები ბიზნესმენისთვის.

ანალოგიური თხოვნით უკრაინის პრეზიდენტმა ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ ბორის ჯონსონსაც მიმართა, თუმცა, 10 მარტს რუსი მილიარდერი მაინც მოხვდა ბრიტანეთის სანქციების სიაში. შედეგად, ჯერსის სასამართლომ აბრამოვიჩთან დაკავშირებული 7 მილიარდ დოლარზე მეტი აქტივები გაყინა, 15 მარტს კი ევროკავშირმაც დააწესა შეზღუდვები აბრამოვიჩის წინააღმდეგ.

Financial Times-ის ცნობით, აბრამოვიჩის მონაწილეობა მოსკოვსა და კიევს შორის მოლაპარაკებებში რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა პირადად დაამტკიცა. მისმა პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა უარი თქვა ამასთან დაკავშირებით კომენტარზე, მაგრამ მანამდე მან დაადასტურა, რომ ბიზნესმენი მოლაპარაკების პროცესში მონაწილეობდა.

ექსპერტები ვარაუდობენ, რომ ბიზნესმენს შეეძლო გაეზვიადებინა თავისი წვლილი მოლაპარაკებების პროცესში, რათა თავიდან აეცილებინა დასავლეთის სანქციები, არ დაეკარგა თავისი ბრიტანული აქტივები და საფეხბურთო კლუბი ჩელსი. მარტის დასაწყისში აბრამოვიჩმა განაცხადა, რომ ჩელსის გაყიდდა და მიღებულ თანხას გაუგზავნიდა ფონდს, რომელიც უკრაინაში კონფლიქტით დაზარალებულებს ეხმარება.

Comments
Loading...