აშშ და უკრაინა “ჩრდილოეთის ნაკად 2-ს” ევროპისთვის საფრთხედ მიიჩნევენ

10

აშშ-ისა და უკრაინის პრეზიდენტების, ჯო ბაიდენისა და ვლადიმერ ზელენსკის შეხვედრის შემდეგ მათი ერთობლივი განცხადება გამოქვეყნდა, რომელშიც ვაშინგტონმა და კიევმა თანამშრომლობის ძირითადი სფეროების შესახებ ისაუბრეს.

შეერთებულმა შტატებმა დაადასტურა, რომ “არასოდეს აღიარებს ყირიმის ანექსიას” და მხარს უჭერს უკრაინის მშვიდობიან ძალისხმევას ნახევარკუნძულის დასაბრუნებლად. ვაშინგტონი ასევე აღიარებს უკრაინის უფლებას “აირჩიოს საკუთარი საგარეო პოლიტიკის კურსი, გარე ჩარევის გარეშე, მათ შორის NATO-ში გაწევრიანების სურვილი”.

ამასთან, როგორც დოკუმენტშია აღნიშნული, “ჩრდილოეთის ნაკად 2-ს” ორივე ქვეყანა მიიჩნევს “საფრთხეს ევროპის ენერგეტიკული უსაფრთხოებისათვის”. შეერთებული შტატები მხარს დაუჭერს უკრაინის გაზის ტრანზიტის შენარჩუნებას და ეწინააღმდეგება კრემლის ენერგიის გეოპოლიტიკურ იარაღად გამოყენებას.

აშშ-ს ადმინისტრაცია გეგმავს გამოყოს 463 მილიონ დოლარზე მეტი დახმარება უკრაინის დასახმარებლად.

გერმანიის წყლებში “ჩრდილოეთის ნაკადი-2-ის” გაზსადენის დასრულება 12 სექტემბერს არის დაგეგმილი.

Comments
Loading...